ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ რემონტი შრომატევადი საქმეა, რომლის გაკეთებაც საკმაოდ სოლიდურ ბიუჯეტთან ერთად, უამრავ დროს და ენერგიას მოითხოვს. ყველაფერი ორმაგად უფრო რთულდება, როდესაც რემონტი ახლად აშენებულ სახლშია გასაკეთებელი. შავი კარკასის მდგომარეობის საკუთარი სახლის გარემონტება დიდ სტრესთანაა დაკავშირებული და ალბათ არავისთვის არის მარტივი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, დეტალურად აღვწეროთ ის პროცესები, რომელიც საკუთარი სახლის გარემონტებისას უნდა გაიაროთ. რემონტის დეტალური აღწერით და სწორი გეგმის არსებობის შემთხვევაში პროცესი გაცილებით უფრო სასიამოვნო და ნაკლებად სტრესული იქნება თქვენთვის.
ᲓᲐᲒᲔᲒᲛᲐᲠᲔᲑᲐ
რემონტის დაწყებამდე უმნიშვნელოვანესია, მოხდეს მისი დაგეგმარება. კარგად გაწერილი გეგმა პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული საქმის ხარისხიან და დროის მცირე მონაკვეთში შესრულებასთან. ხოლო გეგმის არ ქონა დაკავშირებულია მუდმივ პრობლემებთან, საქმის გადადებასთან და პროცესის უსაშველოდ გაწელვასთან. რაც მოქმედებს, როგორც თქვენს ბიუჯეტზე, ისე ნერვებზე. ამიტომ, აუცილებელია დაუსვათ საკუთარ თავს შემდეგი კითხვები – რამდენი დრო დამჭირდება რემონტზე? რა ღირს საკუთარი სახლის გარემონტება? ვინ უნდა უხელმძღვანელოს რემონტს? და ა.შ.
გეგმის გაწერისას, პირველ რიგში აუცილებელია ბიუჯეტის განსაზღვრა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინება. რადგან გეგმის არსებობის შემთხვევაშიც კი არსებობს მცირე შანსი იმისა, რომ ყველაფერი ისე არ წავა, როგორც გსურდათ. მნიშვნელოვანია ასევე სარემონტო მასალების წინასწარ შერჩევა მათი ყიდვისა და მიღების ზუსტი ვადების დადგენა, რადგან შემდგომ არ მოხდეს გარკვეული სამუშაოების შეჩერება. აუცილებლად კითხეთ რჩევა იმ ახლობლებს, რომლებმაც უკვე გააკეთეს რემონტი და რომლებიც მსგავს საკითხში კომპეტენტურები არიან. მათი რჩევები გამოგადგებათ, როგორც მასალების შერჩევაში, ისე პროფესიონალთა გუნდის დაქირავებაში.
ᲮᲔᲚᲝᲡᲜᲔᲑᲘ
მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდებით თქვენს სურვილებში და ზოგად გეგმას გაწერთ აუცილებელია, რომ რემონტის გაკეთება მიანდოთ პროფესიონალთა გუნდს, რომლებიც იმუშავებენ კონტრაქტით. ასე თავს უფრო დაზღვეულად იგრძნობთ, რადგან იურიდიული კონტრაქტი გარანტიაა იმისა, რომ ხელოსანთა გუნდი უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ საქმეს და ადგილი არ ექნება მის დაუსრულებლად გადადებას. გახსოვდეთ, რომ პროფესიონალი ხელოსნებისთვის დრო ისეთივე ძვირფასია, როგორც თქვენთვის.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სარემონტო გუნდის ხელმძღვანელთან შეათანხმოთ თქვენი გეგმა. დააზუსტეთ მასთან დეტალები, თქვენი სურვილები და შეიტანეთ თავდაპირველ გეგმაში კორექტივები. ერთად დათქვით, როგორც მთლიანი, ისე ლოკალური სამუშაოების დასრულების გონივრული ვადები. ასეთ დროს თქვენ ისიც უნდა იცოდეთ, რომ რამდენიმე საქმის კეთება ერთდროულადაა შესაძლებელი. ასევე, მომგებიანია სარემონტო გეგმის გარკვეულ მონაკვეთებად დაყოფა, ან სახლის სართულების მიმდევრობით გარემონტება და ა.შ. სახლის რემონტისას არის ისეთი ფაზები, რომლებიც თქვენგან მეტ კონტროლს საჭიროებს. ეს ძირითადად ეხება ელექტროობისა და წყალგაყვანილობის სისტემების დამონტაჟების ფაზებს. ხოლო შემდგომი საფეხურები უკვე გაძლევთ მოდუნების საშუალებას.
ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲒᲐᲧᲕᲐᲜᲘᲚᲝᲑᲐ
რადგან სახლის აშენება და მისი გარემონტება საკმაოდ სოლიდურ ბიუჯეტს მოთხოვს ბუნებრივია, რომ თანხის დაზოგვის მოთხოვნილება გაგიჩნდეთ. თუმცა კარგად დაიმახსოვრეთ, არასდროს დაზოგოთ თანხა ელექტროგაყვანილობასა და სანტექნიკაზე. დამერწმუნეთ უმაღლესი დონის რემონტიც კი გამოუსადეგარი იქნება, თუ ვიზუალური განახლების შემდეგ უხარისხო ელექტროობისა და სანტექნიკის გამო ყველაფრის გამოცვლა და ახლიდან გარემონტება მოგიწევთ. გარდა იმისა, რომ თქვენ უამრავ ფულს დახარჯავთ ეს პროცესი ორმაგად მტკივნეული იქნება თქვენთვის, რადგან შრომა, რომელიც რემონტის გაკეთებას მოანდომეთ წყალში იქნება ჩაყრილი.
ამიტომ, შეარჩიეთ მაღალი ხარისხის წყალგაყვანილობის მილები და ელექტრო სადენები. ზედმიწევნით ყურადღებით ადევნეთ თვალი მათი დამონტაჟების პროცესს და დარწმუნდით, რომ ეს საქმე ნამდვილად პროფესიონალების ხელშია.
დაიმახსოვრეთ:
საძირკველის, ფასადის და სველი წერტილების გაკეთებისას აუცილებლად გამოიყენეთ ჰიდროიზოლაციის საშუალებები, რადგან აღკვეთოთ წყლის შეღწევა და მისგან გამოწვეული ზიანი.
დაგეგმეთ კომუნიკაციების მდგომარეობა ბინის გეგმარების მიხედვით და პირიქით – ბინის გეგმარება შეუსაბამეთ საბაზისო კომუნიკაციებს. მაგალითად, წყალგაყვანილობის ძირითადი დგარების მდებარეობას შეუსაბამეთ სახლში სანტექნიკური კვანძების და სამზარეულოს ადგილი.
როდესაც ჭერი და კედლები ჯერ კიდევ ღიაა, საჭიროა დამონტაჟდეს არხები ცენტრალური გათბობისა და კონდიცირებისთვის. ასევე უნდა დაამონტაჟოთ თბოიზოლაცია როგორც ჭერსა და კედლებში, ისე სხვენში.
ელექტროსადენების გაყვანისას წინასწარ უნდა იცოდეთ რომელ ოთახში რამდენი როზეტის და განათების დამონტაჟებას აპირებთ. ასეთ დროს უნდა გაითვალისწინოთ ოთახის ფუნქციურობა და მისი ბუნებრივად განათების შესაძლებლობაც. მაგალითად, თუ სამზარეულოს მეორადი განათების ოთახში დაიგეგმავთ, კარგი იქნება თუ ასეთ დროს ერთზე მეტი ჭაღს დაამონტაჟებთ, ფუნქციიდან გამომდინარე კი მინიმუმ 4 დენის როზეტს. არ დაკიდოთ ჭაღები მხოლოდ ოთახის ცენტრში, არამედ გაანათეთ მსხვილი წერტილებით ცალკეული ფუნქციონალური ზონები. სანათები განათავსეთ: სასადილოს მაგიდის თავზე.
გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე პატარა ოთახშიც კი მიზანშეწონილია თითო კედელზე თითო დენის როზეტის განთავსება. ევროპული სტანდარტებით როზეტი მონტაჟდება იატაკიდან 30 სმ-ის სიმაღლეზე.
ამ ყველაფრის შემდეგ შეგიძლიათ უკვე კოსმეტიკურ რემონტზეც გადახვიდეთ. თუმცა სანამ უშუალოდ რემონტს დაიწყებთ კარგად უნდა იყოთ ჩამოყალიბებული როგორი სტილის სახლში გსურთ ცხოვრება. ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი ჰარმონიაში უნდა მოდიოდეს სახლის პატრონთა ხასიათთან და ცხოვრების სტილთან. ინტერიერის დიზაინის შერჩევა არც ისე მარტივი საქმეა და ამაში აუცილებლად დაგეხმარებათ, როგორც დიზაინერი ისე ჩვენი სტატია, სადაც დეტალურად განვიხილავთ დიზაინთან დაკავშირებულ დეტალებს.
ᲙᲝᲡᲛᲔᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲠᲔᲛᲝᲜᲢᲘ
როდესაც პროცესი კოსმეტიკურ რემონტზე გადადის ყოველთვის იწყება დებატები ისეთ თემებზე, როგორიცაა იატაკის დაგება და კედლების შეღებვა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან თუ იატაკი კედლების შეღებვამდე დაიგება, შემდგომ საღებავმა შესაძლოა ის სერიოზულად დააზიანოს. თუმცა, თუ პირიქით მოვიქცევით, შესაძლებელია იატაკის დაგებისას კედლები დავაზიანოთ. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა გამოვიჩინოთ სიფრთხილე და საქმე მაქსიმალურად სუფთად შევასრულოთ. პირადი რჩევა იქნება, რომ იატაკი დააგოთ რაც შეიძლება გვიან, რათა თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი დაზიანებები.
ᲤᲐᲡᲐᲓᲘ
სახლის ექსტერიერის მოპირკეთება შეგიძლიათ შიდა სამუშაოების პარალელურად დაიწყოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც კარ-ფანჯრებს ჩასვამთ. კარგი იქნება თუ ფასადზე მუშაობას და ზოგადად რემონტს მშრალ სეზონს დაამთხვევთ. ასე მომუშავე გუნდისთვის რემონტის პროცესი უფრო მარტივი იქნება.