სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიარქიტექტურა/მშენებლობაბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

როდესაც ბერძნულ ხელოვნებაზე ვსაუბრობთ, გონებაში ავტომატურად წარმოგვიდგება მისთვის დამახასიათებელი იდეალურობა. ძველ სამყაროში შექმნილი ხელოვნების ნიმუშები მშვენიერებისა და ესთეტიკის ნამდვილი განსხეულებაა — სიმარტივე, ჰარმონია და დაბალანსებული პროპორციები კი ამ სრულყოფილების გამომხატველი ასპექტები იყო. ამიტომაცაა, რომ ბერძნული ხელოვნება საუკუნეების განმავლობაში შთაგონების ერთ-ერთი მთავარი წყაროა ხელოვანებისთვის — დაწყებული მხატვრებით, დასრულებული არქიტექტორებით.

ალბათ, რთული წარმოსადგენია, როგორი იქნებოდა მსოფლიოს კულტურული განვითარება, კაცობრიობას ბერძნული ხელოვნების ნიმუშები რომ არ აღმოეჩინა… შედეგად ისე მივიღებდით კულტურულ, ესთეტიკურ და ფილოსოფიურ განსხვავებებს, რომ წარმოდგენაც არ გვექნებოდა, რას ვკარგავდით. თანაც მისი გავლენები იმდენად ფართოა, ხელოვნებასთან ერთად, სხვადასხვა პოლიტიკური და ფილოსოფიური შეხედულების ჩამოყალიბების მთავარ საფუძვლადაც კი იქცა. მაგალითად, რომ არა ძველ საბერძნეთში განვითარებული აღქმები, დღეს დემოკრატია სულაც არ გვექნებოდა ამ ფორმით. და ვინაიდან ყველა ასპექტი ჯაჭვური პრინციპით ებმის ერთმანეთს, ხელოვნებასაც არ ექნება სრულყოფილების ასეთი ხიბლი — ადამიანის ხელით შექმნილ ფორმებში გაცოცხლებული მშვენიერება.

ცხადია, მთელი ეს გავლენები ძალიან ვრცელი თემაა და ყველა მიმართულებით შეგვიძლია კავშირებისა თუ ინსპირაციების აღმოჩენა. თუმცა ამჯერად ძირითად აქცენტს არქიტექტურაზე გავაკეთებთ, კერძოდ, რა გავლენა აქვს ბერძნულ არქიტექტურას მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაზე.

კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

არქიტექტურული სტილები და ელემენტები

ბერძნულ არქიტექტურაზე საუბარი სამი ძირითადი სტილით უნდა დავიწყოთ — დორიული, იონიური და კორინთული ორდერით. ეს არის სამი პრინციპულად განსხვავებული საწყისი, რომელთაც ინდივიდუალური ხასიათი თუ სიმბოლური დატვირთვა აქვს; რომ არაფერი ვთქვათ ესთეტიკურ მხარეზე. თითოეული მათგანი კონკრეტულ იდეალებსა და ღირებულებებს განასახიერებს, რომლებიც ბერძნული კულტურის წიაღში წარმოიქმნა, შემდეგ კი მსოფლიო არქიტექტურის ნაწილადაც იქცა.

  • დორიული ორდერი

დორიული ორდერი ყველაზე მარტივი და „ძლიერია“ ბერძნულ არქიტექტურაში. მისი სიმტკიცე სიმბოლურად ასოცირდება მამაკაცურობასთან, ჰარმონიასთან და დისციპლინასთან; ასევე სიძლიერესთან. მთელი ეს ხასიათი კი ორდერის პროპორციებში, მარტივ ფორმებში იკვეთება. საგულისხმოა, რომ დორიული ორდერის გავლენა მსოფლიო არქიტექტურაზე საკმაოდ დიდია და მრავალ სფეროზე ვრცელდება, რაც გამოიხატება როგორც ესთეტიკური, ისე ფუნქციური ელემენტების ფორმირებაში.

როგორც აღვნიშნეთ, დორიული ორდერი გამოირჩევა თავისი მარტივი და სწორხაზოვანი დიზაინით, რომელიც დღევანდელ მინიმალისტურ არქიტექტურაში ფართოდ გამოიყენება. ეს ორდერი, თავისი უბრალოებითა და სიმტკიცით, იდეალურად ერგება სხვადასხვა დროის შენობების დიზაინს, სადაც აქცენტი კეთდება ფორმის სისუფთავესა და ზედმეტი დეტალების თავიდან აცილებაზე. მაგალითად, ისეთ საჯარო შენობებში, როგორებიცაა სასამართლოები, მუზეუმები და სამთავრობო ნაგებობები, დორიული ორდერი ხშირად გამოიყენება ავტორიტეტისა და სიმტკიცის ხაზგასასმელად.

ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ დორიული ორდერი ძირითადად არქიტექტურასთან ასოცირდება, მისი გავლენა იგრძნობა ინტერიერის დიზაინშიც. სიმარტივის, პროპორციისა და მასშტაბის იდეები, რომლებიც დორიულ ორდერშია გადმოცემული, გამოიყენება თანამედროვე ინტერიერის დიზაინში, განსაკუთრებით ლოფტებსა და ინდუსტრიულ სტილში, სადაც ხაზგასმულია სტრუქტურული ელემენტები.

კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

მაგალითისთვის, ვაშინგტონში მდებარე „ლინკოლნის მემორიალი“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაგებობაა, რომელშიც დორიული ორდერია გამოყენებული. მონუმენტი 1922 წელს აშენდა, მისი არქიტექტურული დიზაინი კი ბერძნული ტაძრების სტრუქტურას ეფუძნება — მემორიალის გარშემო განლაგებულია 36 დორიული სვეტი, რაც სიმტკიცესა და სიძლიერეს გამოხატავს და სიმბოლურად ასახავს პრეზიდენტ ლინკოლნის მემკვიდრეობას.

აგრეთვე, ამ მხრივ საინტერესო ნიმუშია ჰარვარდის უნივერსიტეტის კანცელარიის შენობა. ეს უკანასკნელი 1915 წელს აიგო, მისი დიზაინი კი ნეოკლასიკური არქიტექტურის მაგალითია, რომელიც კლასიკური იდეალებისა და ტრადიციების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის შესასვლელ პორტიკში გამოყენებული დორიული სვეტები კი ფინანსური სტაბილურობისა და უსაფრთხოების იდეებს გამოხატავს. თავის მხრივ, ამგვარი სიმბოლური დატვირთვა იმაზე მიანიშნებს, რომ ორდერს მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს კონტექსტის მიხედვით. ასე ვთქვათ, ბევრი მიმართულებით შეიძლება მისი აღქმა.

  • იონიური ორდერი

იონიური ორდერი დახვეწილობასა და ელეგანტურობასთან ასოცირდება, რასაც კაპიტელებზე გამოკვეთილი სპირალური ვოლუტები განაპირობებს. თავისი ნატიფი და სუფთა ხაზებით ორდერი სიმბოლურად უკავშირდება მშვენიერებას. ასევე ასოცირდება განათლებასა და კულტურასთან, რაც იმითაცაა განპირობებული, რომ ხშირად იყენებდნენ ბერძნულ აკადემიებსა და ტაძრებში. თავისი სიფაქიზის დამსახურებით კი იონიური ორდერი ბერძნულ ტრადიციებში ქალურობასაც გამოხატავს.

საგულისხმოა, რომ იონიურ ორდერს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაზე, მათ შორის არქიტექტურაზეც. მისი დახვეწილი დეტალები ნაგებობებს, ესთეტიკურთან ერთად, ფუნქციურ ელემენტებადაც ევლინება. იონიური ორდერი ხშირად გამოიყენება უნივერსიტეტების, მუზეუმებისა და სხვა კულტურული დაწესებულებების არქიტექტურაში. ზემოხსენებული სიმბოლური დატვირთვისა და ელეგანტური ფორმების, კლასიკური სტილის გამო, ის იდეალური არჩევანია ისეთი ნაგებობების შესამკობად, რომლებიც საზოგადოების ინტელექტუალურ და კულტურულ ღირებულებებს ასახავს.

კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

ამ მხრივ საინტერესო მაგალითია ნიუ-იორკში მდებარე მეტროპოლიტენის მუზეუმი, რომელიც თავისი მასშტაბურობითა და არქიტექტურული დახვეწილობითაა განთქმული. მის შესასვლელ პორტიკში სწორედ იონიური სვეტებია გამოყენებული, რაც მუზეუმს განსაკუთრებულ კლასიკურ ხიბლს სძენს და ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობასაც გამოხატავს.

ამასთანავე, იონიური ორდერი არა მხოლოდ ექსტერიერში, არამედ ინტერიერის დიზაინშიც გამოიყენება. მის დახვეწილ და ნატიფ ფორმებს ინტერიერში კლასიკურობისა და სიძველის შტრიხები შემოაქვს, რაც არქიტექტორებს საშუალებას აძლევს, ელეგანტური სივრცეები შექმნან.

  • კორინთული ორდერი

კორინთული ორდერი ყველაზე რთული და ორნამენტულია, ნატიფი და მდიდრული დეკორაციებით გამოირჩევა, რაც მას სილამაზის ნამდვილ სიმბოლოდ აქცევს. რეალურად კორინთული ორდერი ასახავს ადამიანის უნარს, შექმნას დახვეწილი და ესთეტიკური სილამაზე, ხოლო ორდერში ჩართული აკანტუსის ფოთლების მოტივები ბუნებასთან კავშირსა და მასთან ჰარმონიულად ცხოვრების იდეას გამოხატავს.

კორინთული ორდერი, თავისი დახვეწილი ესთეტიკისა და სიმსუბუქის წყალობით, განსაკუთრებულ ელფერს სძენს როგორც ექსტერიერს, ისე ინტერიერს. მაგალითად, ბელვედერის სასახლეში, რომელიც XVIII საუკუნეში აშენდა, კორინთული ორდერის ელემენტები ექსტერიერშიც და ინტერიერშიც გვხვდება. მისი დიზაინი კლასიკურ სტილს წარმოაჩენს, მუზეუმის სივრცეს კი მშვენიერი დეკორატიული დეტალებით ავსებს.

გარდა ამისა, კორინთული ორდერი სრულიად განსხვავებული ფუნქციის ნაგებობაშიც გვხვდება, კერძოდ, ლონდონის ბირჟის ისტორიულ შენობაში.

რომაული არქიტექტურა

ბუნებრივია, რომაული არქიტექტურა ბერძნულის პირდაპირი გაგრძელებაა. ეს განსაკუთრებით ჩანს ტაძრების, საზოგადოებრივი ნაგებობებისა და თეატრების კონსტრუქციებში. ვინაიდან ეს საკმაოდ ფართო თემაა, შეგვიძლია ერთი კონკრეტული მაგალითის საფუძველზე განვიხილოთ ბერძნული გავლენა.

მაგალითად, რომაულ პანთეონში ბერძნული არქიტექტურის პრინციპები მთავარი საფუძველია — მათ შორის ჰარმონია და პროპორცია. პანთეონის წინა პორტიკი აშკარად გამოხატავს ბერძნული ტაძრის სტილს, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს კლასიკურ ბერძნულ არქიტექტურულ ელემენტებს. პორტიკი ექვსი კორინთული სვეტით გაფორმებული შესასვლელია, რაც კლასიკურ ბერძნულ ტაძრებს ახასიათებს. შესაბამისად, ეს ელემენტი პირდაპირ უკავშირდება ბერძნული ტაძრების არქიტექტურულ ტრადიციას.

კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

ამასთანავე, პანთეონში სიმეტრია და პროპორცია გამოირჩევა ბერძნული არქიტექტურის სტანდარტებით. ბერძნული ტაძრები ცნობილია თავიანთი ჰარმონიული პროპორციებითა და სიმეტრიული განლაგებით, რაც პანთეონშიც შესამჩნევია. ეს იდეა ბერძნული არქიტექტურის ძირითადი პრინციპების გამოხატულებაა, რაც რომაელებმაც შეინარჩუნეს.

თანაც, მიუხედავად იმისა, რომ პანთეონის გუმბათი მეტწილად რომაული ინოვაციაა, მისი იდეა ბერძნული არქიტექტურის გავლენითაც არის შთაგონებული. ბერძნები ხშირად იყენებდნენ ორნამენტულ გუმბათებსა და გადახურვებს თავიანთ არქიტექტურულ ნაგებობებში. რომაელებმა კი ეს ტექნიკა კიდევ უფრო გააუმჯობესეს.

მთლიანობაში, პანთეონი რომაული და ბერძნული არქიტექტურის უნიკალური შერწყმაა. მისი დიზაინი შთაგონებულია ბერძნული არქიტექტურის ელემენტებით, რაც აშკარად იგრძნობა პორტიკის სტილში, კორინთული სვეტების გამოყენებაში, სიმეტრიასა და პროპორციებში. ასეთმა გავლენამ პანთეონი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაგებობად აქცია, რომელიც ამ დრომდე არქიტექტორებისა და, ზოგადად, ხელოვანების შთაგონებად რჩება.

რენესანსი და ნეოკლასიციზმი

რენესანსი ბერძნული იდეალების აღორძინების ხანაა, როდესაც ადამიანი კვლავ სამყაროს ცენტრში მოექცა. ეს გამოიხატებოდა არა მხოლოდ ფილოსოფიასა და ზოგად მსოფლმხედველობაში, არამედ ხელოვნებაშიც. მხატვრებმა, მოქანდაკეებმა და არქიტექტორებმა ბერძნული ესთეტიკა მთავარ ამოსავალ წერტილად აქციეს, თავისი სრულყოფილებით, მშვენიერებითა და მითოლოგიური საწყისებით.

მაგალითად, რენესანსის ეპოქის არქიტექტორებმა, მათ შორის ფილიპო ბრუნელესკიმ და ანდრეა პალადიომ, ბერძნული არქიტექტურა აღადგინეს და მის პრინციპებს ახალი სიცოცხლე მიანიჭეს. მათი ნამუშევრები მოიცავს სუფთა ხაზებსა და კლასიკურ პროპორციებს, რომლებიც ბერძნული ტაძრებითაა შთაგონებული.

ნეოკლასიციზმიც, რომელიც XVIII საუკუნეში დაიბადა, ბერძნული არქიტექტურის აღორძინების გამოვლინებაა. ეს უკანასკნელი ბაროკოსა და როკოკოს სტილების საპასუხოდ წარმოიქმნა — მის მიმდევრებს სურდათ, ხელოვნებაში ბერძნული გაწონასწორებულობა დაებრუნებინათ.

ალბათ, სწორედ ამ აღორძინებამ განაპირობა ის, რომ ბერძნული კულტურა თანამედროვე სამყაროს განუყოფელ ნაწილადაც იქცა. დღესაც კი, როდესაც მსოფლიოში მრავალი განსხვავებული სტილია დამკვიდრებული, ბერძნული არქიტექტურა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობაა. მისი პრინციპები, ჰარმონია და სილამაზე ახლაც აქტუალურია, ვინაიდან ფუნქციურობასთან იდეალურად აერთიანებს ესთეტიკურ სრულყოფილებას.

წყარო

#drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
ბავშვთა უფლებების დაცვა სამედიცინო დაწესებულებებსა და ჰოსპიტლებში

ბავშვთა უფლებების დაცვა სამედიცინო დაწესებულებებსა და ჰოსპიტლებში

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კაკალი -მისი სამკურნალო თვისებები

კაკალი -მისი სამკურნალო თვისებები

ნოემბერი 26, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

26 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები