მედიაჰოლდინგ “შენი”-ს მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა, ნიჭიერი პროფესიონალების განვითარებას და აქედან გამომდინარე, ვუთმობთ ჩვენს საინფორმაციო ველს ახალ თაობას, რომელიც არაერთ სფეროში უკვე თავის სიტყვას დამაჯერებლად ამბობს…
ამჯერად გაგაცნობთ ინტერიერის დამწყებ დიზაინერს, რომელიც ამ პროფესიას ფლორენციის დიზაინის აკადემიაში დაეუფლა… “შენიინტერიერი” თაკო არდოტელს ესაუბრა:
– მოგესალმებით, მე ვარ თაკო არდოტელი, ინტერიერის დამწყები დიზაინერი. ამ პროფესიას დავეუფლე ფლორენციის დიზაინის აკადემიაში 1-წლიანი აკადემიური კურსის გავლის შედეგად.
პროექტის შექმნისას ჩემი მთავარი მიზანია, რომ სივრცე მაქსიმალურ თანხვედრაში მოდიოდეს მეპატრონის სურვილებთან, იყოს ერგონომიული და ესთეტიკურად მიმზიდველი. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტ სტილში გამოვცადო თავი, თუმცა ამ ეტაპზე გატაცებული ვარ გარდამავალი (Transitional) სტილით, რომელიც გულისხმობს ტრადიციული და თანამედროვე დიზაინის თანაარსებობას.
ამ სტატიაში გაგაცნობთ 2024 წლის მთავარ ტრენდებს ინტერიერის დიზაინის სამყაროში და რამდენად უწყობს მას ფეხს ქართული დიზაინ კულტურა:
1. ყოველწლიურად Pantone, ამერიკული კომპანია, რომელმაც შეიმუშავა ფერის იდენტიფიკაციის სისტემა, ასახელებს წლის მთავარ ფერს, რომელსაც ინტერიერის დიზაინერები პროექტებში აქტიურად იყენებენ. 2024 წლის ფერად ატმისფერი (Peach fuzz) დასახელდა, რომელიც ყველასთვის სითბოსა და სინაზესთან ასოცირდება, შესაბამისად, იდეალურია სახლში ჰარმონიისა და სულიერი სიმშვიდის შესაქმნელად. ატმისფერი თავისუფლად შეგვიძლია შევუხამოთ პასტელურ, თბილ ფერებს, ხოლო თუ მისი გამოკვეთა და აქცენტირება გვსურს, დავუპირისპიროთ ისეთ კონტრასტულ ფერებს, როგორიცაა მწვანე, ლურჯი და ა.შ
2. წელს ინტერიერში კიდევ უფრო ხშირად ვიხილავთ განსხვავებული მასალებისა და ტექსტურების კომბინაციას. განსაკუთრებულ ყურადღებას მიიქცევს სხვადასხვა მეტალები, რომელიც ამ ბოლო დროს ქართულ ინტერიერებშიც უხვად გვხვდება, კერძოდ, ოქროსფერი მეტალი, რომელსაც ხშირად იყენებენ სახელურებისა თუ შემრევების სახით.
ზემოაღნიშნული მასალები მხოლოდ ინდუსტრიული სტილის მისაღწევად როდი გამოიყენება. ბუნებრივი ქვებისა და ხის გვერდით, შეგვიძლია თანამედროვე, მოდერნისტული დიზაინის მიღებაც.
3. წინა წლების ტენდენციას, რომ ჰარმონიის მიღწევა სახლში მხოლოდ ნეიტრალური ფერთა პალიტრით შეიძლება, წელს დაუპირისპირდება უფრო თამამი გადაწყვეტილებები ფერების შერჩევისას. ადამიანები დაიღალნენ მხოლოდ სადა, თეთრი კედლების ყურებით, შესაბამისად, 2024 წელს შევხვდებით ფერად აქცენტირებულ კედლებს, განსხვავებული ფერის სამზარეულოებსა თუ მკაფიო ფერის დეკორატიულ ბალიშებს.
ამ ტრენდს საქართველოც არ ჩამოუვარდება. ძალიან ბევრ ინტერიერში ბეჟი და ნაცრისფერი ჩაანაცვლეს ისეთი ფერებით, როგორიცაა ბორდოსფერი, მუქი ლურჯი, მწვანე და ა.შ.
4. კიდევ ერთი ტრენდი, რომელიც წინა წელს დაიწყო და წელსაც საკმაოდ აქტუალური იქნება არის ე.წ. zellige tiles, კერამიკული ფილები, რომლებიც განსხვავებულ ფერებში, ზომებში თუ პატერნებში გვევლინება. ქართულ ბაზარზეც საკმაოდ დიდი რაოდენობით გვხვდება ზემოაღნიშნული მასალა, რომელიც იდეალურია ინტერიერში თამამი განაცხადის გასაკეთებლად, იქნება ეს სამზარეულოს წინსაფარი თუ სააბაზანო სივრცე. საქართველოში განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს მწვანე ფილები, რომელსაც არაერთი ბინის ინტერიერში შევხვდებით.
5. და ბოლოს, წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სივრცის პერსონალიზებას. თანდათან უფრო იშვიათი ხდება მასობრივად წარმოებული ავეჯისა თუ დეკორის შეძენა. ადამიანები ამჯობინებენ მათზე მორგებული პროდუქტის შეკვეთას, რომელიც იქნება უნიკალური და სახასიათო მხოლოდ კონკრეტული ინტერიერისთვის.
უფრო ხშირად შევხვდებით ინტერიერებში ხელნაკეთ ან ანტიკვარ ნივთებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ოჯახისთვის და სახლსაც საუცხოო ელფერს სძენს.
❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #sheniekimi #shenisofeli #shenisupra #sheniambebi #sheniinterieri #shenihoroskopi #sheniganatleba #accreditationge #shenidasveneba #gochadze
მასალის გამოყენების პირობები