რამდენიმე ფერი, რომელიც ოთახში არსებულ მცირე სივრცეს უფრო დიდად მოგაჩვენებთ
პატარა ოთახებს თავისი ხიბლი აქვთ, რადგან ისინი ძალიან მყუდროა, თუმცა მათი ვიზუალურად გადიდების სურვილი ხშირად გვიჩნდება. არსებობს მრავალი გზა იმისთვის, რომ ოთახი უფრო დიდი და ფართო გამოჩნდეს და ამაში ყველაზე მეტად სწორი ფერების შერჩევა დაგეხმარებათ.
უნდა აღინიშნოს, რომ კედლებისთვის გამოყენებული ღია ფერები ოპტიკურად აფართოებს ინტერიერს, ხოლო მუქი ფერები მას უფრო პატარას ხდის. თუმცა ღია და მუქი ფერების კომბინაციამ შეიძლება ასევე ძალიან კარგი ეფექტი მოგვცეს.
ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ცივ ფერებს თვალი ისე აღიქვამს, თითქოს ისინი დიდი მანძილითაა დაშორებული, ხოლო თბილი ფერები – პირიქით. სწორედ ამიტომ, დიზაინერები კედლებისთვის შედარებით ცივი ფერების გამოყენებას გვირჩევენ.
გთავაზობთ სამ ფერს, რომელიც ოთახში დამატებითი სივრცის შექმნაში ყველაზე მეტად დაგეხმარებათ.
თეთრი
პატარა ოთახის ვიზუალურად გაფართოების მცდელობისას ყველაზე ხშირად გამოიყენება თეთრი ფერი. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი ოდესღაც “მხოლოდ თეთრი” იყო, ახლა მას უამრავი ტონალობა აქვს და სასურველი ეფექტისთვის მისი სხვადასხვა ფერის ჩრდილებთან დაკავშირება შეგიძლიათ. შესაძლოა ვარდის, ვანილის ან პასტელის ლურჯი ფერების გამოყენებაც.
ლურჯი
ფართო ინტერიერის შთაბეჭდილებას ლურჯი ფერების სიგრილეც ქმნის. ლურჯ ფერებში შეღებილი კედლები და ჭერი შედარებით დიდი ჩანს.
ღია ყვითელი
თბილი, მოყვითალო ჩრდილები ნაკლებად აგრესიულია, ვიდრე ყვითელი ფერის მუქი ტონალობები. ამავდროულად, ღია ყვითელი ფერები ვიზუალურად აფართოებს სივრცეს, მისი მუქი ტონები კი პირიქით – ავიწროებს ოთახს.
პატარა აპარტამენტებში მთელი იატაკი ერთ ფერში უნდა აირჩიოთ: მაგალითად, სააბაზანოსა და სამზარეულოს ფილებში ხალიჩის ლურჯი ფერი უნდა განმეორდეს. მხოლოდ კედლები შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს ფერებში ისე, რომ ბინა საკმაოდ მრავალფეროვანი და ამავე დროს დიდი ჩანდეს.
სწორი ფერების შერჩევა არა მხოლოდ ოთახის სივრცის გაფართოებაში დაგეხმარებათ, არამედ ის თქვენს სახლს წესრიგისა და დახვეწილობის ეფექტსაც შეუქმნის.
მასალის გამოყენების პირობები