თუ გაინტერესებთ, როგორ დააღწიოთ თავი უინტერესო ინტერიერს და გახადოთ უფრო საინტერესო, მაშინ გაეცანით ამ სტატიას
ნათელი ელფერი შეიძლება ზედმეტად მოსაწყენი იყოს, მუქი კედლები კი სივრცეს ვიზუალურად აპატარავებს, შპალერზე აქტიური პრინტი შექმნის ვიზუალურ ხმაურს, ხოლო მოდის ტენდენციები სწრაფად იცვლება. ეს შიშები ხშირად მიგვიყვანს დასკვნამდე — უმჯობესია ინტერიერი ნეიტრალური გავხადოთ და მშვიდი ელფერები შევარჩიოთ. თუმცა აქ ახალი ამოცანა ჩნდება — ნეიტრალური ინტერიერი მოსაწყენი, პიროვნულობას მოკლებული არ უნდა აღმოჩნდეს და სასტუმროს რიგით ოთახს არ უნდა დაემსგავსოს. დღეს სწორედ იმაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ გავხადოთ მშვიდი ინტერიერი ექსპრესიული და დავრჩეთ ნეიტრალიტეტის ფარგლებში.
დააკვირდით ბუნებას
ნეიტრალური ფერების პალიტრა მხოლოდ თეთრით, კრემისფრითა და ნაცრისფრით არ შემოიფარგლება.
მშვიდი, ნეიტრალური ელფერების შერჩევისას ორიენტირდით საუკეთესო დიზაინერზე — ბუნებაზე. მისი ანტისტრესული პალიტრები არასოდეს არის ერთფეროვანი — მდინარის ნაპირზე მიმოფანტულ კენჭებსაც კი ბევრი ელფერი აქვს.
არ დაივიწყოთ ღია მწვანე, ცისფერი, მიწისფერი, მინერალური და სხვა მოკრძალებული ბუნებრივი ტონები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ნაცრისფერ-თეთრი ან კრემისფერი სივრცის გასამრავალფეროვნებლად.
ნუ შეგეშინდებათ თბილი და ცივი ელფერების შერწყმის, ისინი ხელსაყრელ კონტრასტს შექმნის და ცოცხალ პეიზაჟებს მოგაგონებთ.
მომგებიანი ფაქტურები
ინტერიერის დიზაინის ამ რჩევას უკვე შეიძლება ვუწოდოთ ბანალური, მაგრამ ის მაინც მუშაობს — თუ სივრცეში საკმარისი ფერი არ არის, მეტი ექსპრესიული ტექსტურა დაამატეთ.
აქ კვლავ შეგიძლიათ ბუნებას და მის საჩუქრებს დაეყრდნოთ. ბუნებრივი მასალების კონტექსტში მშვიდი ფერები მოსაწყენად არ მოგეჩვენებათ. ნეიტრალურ ტონებში გაფორმებული სივრცეები ხის, ქვისა და სხვა ბუნებრივი მასალების საშუალებით ცოცხლდება.
კონტრასტული დეტალები და კონტურები
იმისათვის, რომ ინტერიერი ბუნდოვან კრემისფერ ლაქად არ გადაიქცეს, მუქი კონტრასტული ელფერები გამოიყენეთ. ისინი ზედმეტ ყურადღებას არ მიიპყრობს, თუ მათ გამოიყენებთ, როგორც კონტურებს, დეტალებს და ავეჯის ცალკეულ ელემენტებს. უნივერსალური შავი ფერი ამ როლს საუკეთესოდ შეეფერება.
შავი კონტრასტული დეტალები ინტერიერს უფრო გრაფიკულს და „შეკრულს“ გახდის. ისინი მშვიდ ელფერებთან დაპირისპირებაში არ შევა, პირიქით — მათ სირბილეს გაუსვამს ხაზს.
დელიკატური ორნამენტები
ორნამენტები და ნიმუშები ნეიტრალურ ინტერიერს გაბრწყინების საშუალებას მისცემს. აუცილებელი არ არის კედლების ნათელი ნიმუშის მქონე შპალერით გაფორმება, მცირე დეტალებიც საკმარისია, მაგალითად, რამდენიმე განსხვავებული ბალიში, ავეჯის გადასაკრავი, ხალიჩა ან იატაკის ფილები.
ნეიტრალური ტონების მქონე ორნამენტები, რომლებიც სივრცის საერთო ფერთა პალიტრასთან ჰარმონიაშია, ინტერიერს ვიზუალურად ამდიდრებს, მაშინაც კი, თუ ნიმუშის მიერ შექმნილი კონტრასტი მდუმარეა, თავად ნიმუში კი — რთულად შესამჩნევი.
ორნამენტში აქტიური ელფერების არსებობა ასევე დასაშვებია იმ პირობით, რომ ასეთ ტონებს ინტერიერის სხვა „პერსონაჟებთან“ ვიზუალური თანაკვეთა ექნება. მაგალითად, ხალიჩის ნიმუშის ელემენტები შეიძლება ფარდების ელფერს ეხმიანებოდეს.
მხოლოდ ერთი თამამი გადაწყვეტა
გასაგებია, რომ მათ, ვინც ინტერიერში ნეიტრალიტეტს ანიჭებს უპირატესობას, როგორც წესი, ექსპერიმენტული ფორმებით ან ექსცენტრიკული ხელოვნების საგნების გამოყენებით რისკზე წასვლა არ უყვართ. თუმცა, მაინც ღირს ინტერიერში მინიმუმ ერთი თამამი არჩევანის გაკეთება. ეს შეიძლება იყოს იშვიათი ხისგან დამზადებული ექსპრესიული ყავის მაგიდა, ვინტაჟური სარკე, ანტიკვარული ჩიტების გალია, ჩამოკიდებული დაწნული სკამი, ბეღლის კარი კედელზე ან ძველი ფორტეპიანო — ყველაფერი, რაც ერთფეროვანი გარემოსგან გამორჩეულია. იდეალურ შემთხვევაში, მან რაღაც უნდა თქვას თქვენ შესახებ და აუცილებლად უნდა აღძრას თქვენში სასიამოვნო ასოციაციები ან მოგონებები.
აუცილებელი არ არის, რომ აქცენტური ნივთები ნათელი იყოს, მთავარია მისი ექსპრესიულობა, ხასიათი და სტრატეგიულად შერჩეული მდებარეობა. ასეთი ელემენტის არ უნდა გრცხვენოდეთ და მას შორეულ კუთხეში არ უნდა ათავსებდეთ, პირიქით, მისი დანახვა ოთახის ზღურბლიდანვე უნდა შეიძლებოდეს.
საერთოდ არ არის აუცილებელი, რომ ექსპრესიული ელემენტი მარტო იყოს. თუ რადიკალური მინიმალიზმის გულშემატკივარი არ ხართ, შეგიძლიათ ნეიტრალური ინტერიერი დეკორატიული კომპოზიციებით დაამშვენოთ, კედლებზე სამხატვრო გალერეები მოაწყოთ ან შეარჩიოთ ავეჯი საინტერესო სკულპტურული ფორმებით, რომელსაც შეუძლია ყურადღება ნათელ ფერებზე არანაკლებად მიიპყროს. იმისათვის, რომ ჰარმონიულობა შეინარჩუნოთ, აუცილებელია, რომ მცირე ფორმები დიდ ფორმებს ეხმიანებოდეს.
რომ შევაჯამოთ, ყველა ზემოაღნიშნული რჩევა შეიძლება ერთ მარტივ წესში გაერთიანდეს — ნეიტრალურ ინტერიერს დაამატეთ ელემენტები, რომელთა ყურებაც გსურთ და ის ერთფეროვნად არავის მოეჩვენება.
მასალის გამოყენების პირობები