Juicy Salif მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წვენსაწურია, რომლის დიზაინიც ლეგენდარულ ფილიპ სტარკს ეკუთვნის. ამ პროდუქტზე მუშაობა სტარკმა 1990 წელს დაიწყო, როდესაც იტალიური ბრენდის, Alessi-ს მიერ დაკვეთილი უჯრის დიზაინზე ფიქრობდა ადგილობრივ კაფეში და უეცრად წვენსაწურის იდეა გაუჩნდა. ცოტახნის შემდეგ მან Juicy Salif-ის სახელით ცნობილი წვენსაწურის ესკიზი Alessi-ს დამფუძნებელს გაუგზავნა, რომელიც სტარკის ნამუშევარმა აღაფრთოვანა და მოგვიანებით თავად ბრენდის მუზეუმშიც კი განათავსა.
პოსტმოდერნიზმის შესაბამისად, ფილიპ სტარკი უარყოფდა დადგენილ პრინციპებს იმის შესახებ, რომ ფორმა ყოველთვის მიჰყვება ფუნქციას, რის გამოც რაიმე ისეთის შექმნა სურდა, რომელსაც არაორდინალური და განსხვავებული გარეგნობა ექნებოდა. ის ეძებდა ინოვაციას, რადგან იცოდა, რომ ფორთოხლის დაწურვის პროცესში მისი ქერქი, რბილობი და წვენი საწურის სხვადასხვა ნაწილებში ხვდებოდა, შედეგად კი ადამიანები სრულ ქაოსს იღებდნენ, ხოლო წვენსაწური უმალვე უნდა გარეცხილიყო, რათა ზედაპირს ლაქების კვალი არ დატყობოდა.
Juicy Salif მზადდება გაპრიალებული, ჩამოსხმული ალუმინისგან და ციტრუსისთვის ზუსტად შესაფერისია. წვენსაწური განკუთვნილია ლიმონის, ფორთოხლისა და მსგავსი ხილის დასაწურად. მის ქვეშ შესაძლებელია ნებისმიერი ფორმის კონტეინერის/ჭურჭლის მოთავსება, რაც ციტრუსის დაწურვის პროცესში კომფორტსა და სისუფთავეს მაქსიმალურად უზრუნველყოფს. ამ დიზაინის კიდევ ერთი მთავარი უპირატესობა, გარდა მისი კომფორტული და ფუნქციური აგებულებისა, იყო ის, რომ მისი ღირებულება არასოდეს აღემატებოდა $100-ს.
შედეგად, წვენსაწური ისეთი პოპულარული გახდა, რომ 10 წლის იუბილე მისი მოოქრული მოდელით აღინიშნა, თუმცა თავად სტარკი ამბობდა, რომ პროდუქტის ამ ვერსიით ციტრუსის დაწურვა არ იყო რეკომენდებული, რადგან ის ოქროს საფარს დააზიანებდა. ასე რომ, სტარკმა მოოქრული წვენსაწურების შეზღუდული რაოდენობით გამოშვება გადაწყვიტა, რომლის შეძენაც მხოლოდ ათი ათას ადამიანს შეეძლო.
სტარკის ამ დიზაინზე მოთხოვნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებობს და დღემდე არ განელებულა. დღეს მისი ორიგინალი ვერსიის შეძენა Alessi-ს შოუ რუმებსა და ვებ-გვერდზეა შესაძლებელი და მისი ღირებულება $79-ია.