ცალკე გამოყოფილი საგარდერობე სივრცე ან კარადა იდეალურია ტანსაცმლის, ჩანთებისა და აქსესუარების ერთად შესანახად, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთახის დანარჩენი ნაწილი მაქსიმალურად მოწესრიგებული დარჩება. თუმცა, ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ კარადაში ყველა ზედმეტი ნივთის შენახვაა სასურველი.
ამ დროს პროფესიონალი ორგანიზატორის გამოძახება პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზაა, მაგრამ თუ გსურთ, კარადა თქვენივე გემოვნებითა და ხელით მოაწყოთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. იმისთვის, რომ კარადის მოწყობა ბევრად უფრო მარტივი და სახალისო გახდეს, ექსპერტები რამდენიმე სასარგებლო რჩევას გვიზიარებენ.
მოიშორეთ ზედმეტი ნივთები
არეულ მდგომარეობაში მყოფი კარადის ორგანიზება ძალიან ძნელია. სანამ უშუალოდ დალაგების პროცესზე გადახვალთ, მნიშვნელოვანია, დარწმუნდეთ, რომ ეს სივრცე გათავისუფლდა ზედმეტი ნივთებისგან, რომლებიც მხოლოდ ადგილს იკავებს. კარადის მოწყობის პირველი ნაბიჯი სწორედ აქ მოთავსებული ნივთების მიმოხილვაა.
ამის შემდეგ, დააკვირდით დარჩენილ ნივთებს და გადაწყვიტეთ, რამდენად ხშირად ატარებთ მათ. ეცადეთ, მოიშოროთ ისეთი ტანსაცმელიც, რომელიც თითქმის არასდროს გჭირდებათ. ამ გზით შეინარჩუნებთ მხოლოდ ისეთ მოდელებს, რომლებსაც რეგულარულად იყენებთ და თქვენი საგარდერობე სივრცეც კომფორტული გახდება.
შეარჩიეთ ფერები
სწორად ორგანიზებული კარადა არა მხოლოდ ვიზუალურად არის სასიამოვნო, არამედ გონების დამშვიდებაშიც გვეხმარება. სჯობს ტანსაცმელი და სხვა ნივთები ფერების მიხედვით შეირჩეს და რაიმე კონკრეტული თანმიმდევრობის მიხედვით ჩამოიკიდოს, რადგან სხვა შემთხვევაში შეიძლება კარადა საკმაოდ არეულად გამოიყურებოდეს.
გამოიყენეთ სათავსოები
ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ფუნქციური წვრილმანია, რომელიც გვეხმარება თვალისგან დავმალოთ ნივთები, რომლებიც შეიძლება ხელს გვიშლიდეს კარადის ვიზუალური ნაწილის მოწყობაში. გამოიყენეთ კარადები, უჯრები ან სხვა მსგავსი საშუალებები ისეთი ნივთების შესანახად, რომლებსაც შედარებით იშვიათად იყენებთ.
შეეცადეთ, თავიდან აირიდოთ პლასტმასის ყუთები, რადგან ეს არის მყიფე მასალა, რომელიც ცუდად მოქმედებს ქსოვილის ხარისხზე და შესაძლოა, თქვენი ტანსაცმელის დაზიანებაც კი გამოიწვიოს.
დაამატეთ თაროები და საკიდები
თუ თქვენ გიჭირთ აქსესუარების და სამკაულების შენახვა ან უბრალოდ საკმარისი ადგილი აღარ გაქვთ, ყოველთვის შეგიძლიათ დაამატოთ თარო და საკიდი, რომელიც ამ პრობლემას მარტივად გადაჭრის. გამოიყენეთ საკიდები შარვლებისთვის, ისინი არა მხოლოდ დაბალი ღირებულებისაა, არამედ საკმაოდ კომფორტული მოსახმარიცაა.
შეფუთეთ ნივთები
ჩანთა და ტანსაცმელი ინვესტიციაა და თუ თქვენ გიყვართ ძვირადღირებული ნივთების შეძენა, მნიშვნელოვანია, რომ მათზე მაქსიმალურად იზრუნოთ. ამ შემთხვევაში სასურველია თითოეული ასეთი ნივთი კარგად იყოს შეფუთული შესაბამის შეფუთვაში, რათა შეინარჩუნოთ ფორმა, ხარისხი თუ სხვა თვისებები.
წყარო:https://www.homeis.ge
მასალის გამოყენების პირობები