09/10/2022
ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოს ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ქურურგიული ოპერაციების დროს, საშიშ და უხარისხო სახარჯ მასალებს იყენებენ. ამის შესახებ ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
„სამწუხაროდ, საქართველოს ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში უხარისხო და, სავარაუდოდ, საშიშ სახარჯ მასალებს იყენებენ ქირურგიული ოპერაციების დროს.
გეტყვით, ეს როგორ ხდება:
მიმდინარეობს ქირურგიული ოპერაცია – პაციენტი და, განსაკუთრებით, ჭრილობის არე შემოფარგლულია სამედიცინო ზეწრებით. ექიმებს და ექთნებს აცვიათ სამედიცინო ხალათები.
აღნიშნული მასალები იცავს პაციენტს სითხური დაბინძურებისგან და შიდა ჰოსპიტალური ინფექციისგან, სამედიცინო პერსონალს კი პაციენტისგან მომავალი სითხური დაბინძურებისგან და პაციენტისგან მომავალი ინფექციისგან.
როგორ ვაფასებთ ამ პროდუქციის ხარისხს ყველაზე მარტივი და აუცილებელი გზით :
ვის მიერაა წარმოებული და რამდენად რეპუტაციულია აღნიშნული მწარმოებელი?
რომელ ქვეყანაშია წარმოებული?
როგორია ამ პროდუქციის შენახვის პირობები? (რადგან პროდუქცია შეიძლება, ძალიან კარგი იყოს, თუმცა ჰქონდეს შენახვის ძალიან მკაცრი მოთხოვნები, რომელსაც კონკრეტული სამედიცინო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს).
რა არის საჭირო, რომ მოხდეს ზემოთ ჩამოთვლილი ყველაზე მარტივი 3 პუნქტის შეფასება? რა თქმა უნდა, პროდუქციის შეფუთვაზე დატანილი ინფორმაცია:
მწარმოებელი და აუცილებლად მისი რეკვიზიტები;
რომელ ქვეყანაშია ეს პროდუქცია წარმოებული;
ამ პროდუქციის შენახვის პირობები (რათა კლინიკის პერსონალის მიერ მოხდეს შესაბამისი პირობების მიხედვით მისი დასაწყობება).
როგორც შეგპირდით, ვდებ იმ ქირურგიული ნაკრების ფოტოებს, რომელსაც იყენებენ საქართველოს კლინიკებში
მასზე არ არის მითითებული:
თუ სად მდებარეობს ქარხანა და მისი რეკვიზიტები; რომელ ქვეყანაშია წარმოებული; შენახვის პირობები.
შესაბამისად, სამწუხაროდ, გაურკვეველია, თუ როგორ ენდობიან ამ გაურკვეველი წარმომავლობის სამედიცინო სახარჯ მასალას…
P.S ჩემს წინა ლაივებში ვსაუბრობდი Barcode- ის შესახებ, ეს არის საქონლის წარმოშობის და მისი აღწერის სისტემა. მაგ: თუ საქონელს აწერია, რომ წარმოებულია შპს „WTHG ის მიერ ბანგლადეშში“ მასზე დატანილი Barcode, სკანირების შემდეგ იგივე ინფორმაციას უნდა ვიღებდეთ.
სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ტექსტობრივად საერთოდ არაა ინფორმაცია მითითებული, ხოლო Barcode-ის სკანირებით ვიგებთ, რომ პროდუქცია წარმოებულია იტალიაში – Elvea SPA ის მიერ…რომელიც რეალურად ტომატ პასტისა და სხვა საკვები პროდუქტების მწარმოებელია (ვდებ ასევე ამ ბარკოდის სკანირების ფოტოებსაც). ეს რომ ამ იტალიელებმა გაიგონ, ალბათ, გულის შეტევა მოუვათ.
შემდეგ პოსტში უფრო რთული, ანგიოგრაფიული საოპერაციო ნაკრებების შესახებ დავდებ ინფორმაციას“,- წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil