ავტორი: ლიზი გრიგოლავა
მედიაჰოლდინგი 《შენი》 გთავაზობთ ინტერვიუს მურმან გვასალიასთან, რომელიც საკუთარ საქმიანობაზე უსაზღვროდ შეყვარებულია და ამით დიდ სიამოვნებას იღებს. მურმანი ახალგაზრდა ფერმერია, რომლის “ფერმა სენაკში” სოციალურ ქსელში უკვე ბევრმა გაიცნო…
– მურმან, საინტერესოა, როდის დაინტერესდით ამ საქმიანობით და რატომ?
– სკოლის პერიოდში ყოველთვის მინდოდა, ჩამებარებინა ვეტერინარულ ფაკულტეტზე, მაგრამ ჩვენთან არ იყო ეს დარგი პოპულარული. დავეტერინარად მხოლოდ ძროხის ექიმი მოიაზრებოდა, ამიტომ დიდი როლი ითამაშა სხვა ადამიანების შეძახილებმაც – “ძროხის ექიმი როგორ უნდა იყოო”… სამწუხაროდ, უარი ვთქვი ამ პროფესიაზე, მაგრამ მაინც სოფლის მეურნეობის მიმართულებით წავედი და ჩავაბრე აგრარულ ფაკულტეტზე.
ბავშვობიდან მიყვარდა ცხოველები და ფრინველები. როდესაც მუშაობა დავიწყე და საკუთარი ხელფასი მქონდა, კარგად დავფიქრდი და გადავწყვიტე, ჩემი მეფრინველეობის ფერმა ჩამომეყალებებინა, რომელიც ქალაქისთვის უფრო მისაღები იქნებოდა. ნელ-ნელა დავიწყე სხვადასხვა სახეობის მოშენება.
– ფინანსურად რამდენად მომგებიანია ეს საქმიანობა თქვენთვის?
– მეფრინველეობა არის 50X50 – ზე, ან იგებ, ან აგებ. შესაძლოა, ფრინველებისათვის საკვების არასწორმა მიცემამ ფრინველებისათვის სავალალო შედეგი გამოიღოს. ამიტომ ან უნდა გარისკო და შედეგი მიიღო, ან არ რისკავ და ვერც გაიგებ, გქონდა თუ არამოგების შანსი.
– ალბათ, თითოეულ ცხოველსა და ფრინველს სპეციალური მოვლა და საკვები სჭირდება, როგორ უმკლავდებით ამ ყველაფერს?
-ფრინველის სწორი ზრდა-განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, თავიდან ვიწყებთ კომბინირებულ კვებას, რადგან თუ ფრინველმა თავიდანვე სწორი ზრდა არ დაიწყო, მოზარდობაში, რაც არ უნდა კარგი საკვები მივცეთ, მაინც არ იქნება ისეთი პროდუქტიული, როგორიც უნდა იყოს. დაახლოებით 2-3 თვემდე მაქსიმუმს ვდებ, ფრინველი რომ კარგად განვითარდეს და შემდეგ გადამყავს მარცვლეულზე.
შარშან ფარშავანგის მოშენება დავიწყე და სრული კრახი განვიცადე. 22 ფარშავანგიდან მხოლოდ 1 დამრჩა, რომელიც დღემდე მყავს, თუმცა წელს უკვე საკმაოდ გავფართოვდი და უკვე 18 ფარშავანგი შემოგვემატა…
-გაგვანდეთ თქვენი სამომავლო გეგმებიც…
– სამომავლოდ მინდა გავაკეთო კონტაქტური ზოოპარკი, სადაც შევძლებ ვიზიტორების მიღებას და ადგილზევე შეძლებენ დათვალიერებას. თან გაიგებენ მათ პროდუქტიულობაზე და მეფრინველეობის განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება .
– რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც თქვენს საქმიანობას მიჰყვებიან, რა რისკები უნდა გაითვალისწინონ?
– პირველ რიგში, აირჩიონ მიმართულება და შემდეგ დაიწყონ ამ საქმიანობის განხორციელება, რადგან თუ სწორ მიმართულებას არ აირჩევენ, შესაბამისად, ვერც განვითარება იქნება. ვისაც გულით სურს, აუცილებლად ყოველ დაცემაზე წამოდგება ჩემსავით და თავიდან განაგრძობს წინსვლას. მყავს მეგობრები, რომლებიც 15-16 წლის არიან და ვფიქრობ, მე მათ ასაკში მათ მეოთხედს ვერ ვაკეთებდი. მიხარია, რომ სტიმულს ვაძლევ ხალხს და ვეხმარები ჩემი წვლილის შეტანაში. ფრინველებსაც ვჩუქნი იმ ხალხს, ვისაც ნამდვილად სურს და რისი გაჩუქებაც შემიძლია 😊😊
მასალის გამოყენების პირობები