- ნათელი ფერები ყველასთვის შესაფერისი არ არის. თუ სახლში მშვიდი გარემოს შექმნა გსურთ, შავ-თეთრი ინტერიერის შექმნა იდეალური გადაწყვეტილება იქნება. ვინაიდან თითოეულ ადამიანს უნიკალური გემოვნება აქვს, ნებისმიერ ფერთა კომბინაციას ჰყავს როგორც თაყვანისმცემლები, ასევე — მოწინააღმდეგეები. მოდით, ამჯერად შავ-თეთრის უპირატესობები და ნაკლოვანებები განვიხილოთ.
უპირატესობები
- ეს კლასიკაა. სხვა ნეიტრალური ფერების მსგავსად (ყავისფერი, ნაცრისფერი, კრემისფერი), თეთრი და შავი აქტუალობას არ კარგავს — ეს ფერები ნებისმიერი ტენდენციის საფუძველია. ამავე დროს, მარტივად შეგიძლიათ, ასეთ პალიტრას ნათელი ტექსტილი ან დეკორი შეუხამოთ, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეცვლით ან საერთოდ ამოიღებთ ინტერიერიდან.
- ორივე აქრომატული ფერი უნივერსალური და „პიროვნულობას მოკლებულია“. ისინი არ ასოცირდება რომელიმე გენდერულ სტერეოტიპთან, არ იწვევს უარყოფით განწყობას და არ ტვირთავს ნერვულ სისტემას. აქედან გამომდინარე, ისინი შესაფერისია არა მხოლოდ ნებისმიერი ოთახისთვის, არამედ — ნებისმიერი ადამიანისთვისაც.
- მათი შეხამება მარტივია. ადამიანებს, რომლებიც რემონტს დიზაინერის გარეშე აკეთებენ, ხშირად უჭირთ ელფერების შერჩევა და ჰარმონიული პალიტრის შექმნა. ამისათვის საჭიროა თანდაყოლილი ნიჭი ან — დიდი დაკვირვება, საუკეთესო შემთხვევაში კი — ორივე. შავ-თეთრის შემთხვევაში ცდომილების ალბათობა თითქმის არ არსებობს. მთავარია, სწორი პროპორციები შეარჩიოთ და ბნელი ელემენტები ჭარბად არ გამოიყენოთ.
- აქრომატული ტონები სივრცეს ელეგანტურ, ზომიერ და ძვირადღირებულ იერს ანიჭებს. ამასთან, მათი კომბინაცია საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.
- მათი დახმარებით შეგიძლიათ, ოთახის პროპორციები ვიზუალურად არეგულიროთ. მაგალითად, მეტი ნათელი ზონების დამატება სივრცეს იმაზე დიდად გამოაჩენს, ვიდრე ის სინამდვილეშია.
-
ნაკლოვანებები
- შესაძლოა, ეს კომბინაცია მოსაწყენი იყოს. აქრომატული ინტერიერის მთავარი ნაკლოვანება მისი „უსახურობაა“. მაგრამ ასეთი ეფექტი არა კონკრეტული ელფერების გამოყენებით, არამედ არასწორად გააზრებული დიზაინით იქმნება. სივრცის აღქმაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს: ფორმა და სილუეტი, მასალა, განათება, მრავალფეროვანი ტექსტურა, ავეჯი, დეკორი და ა. შ. თუ ინტერიერზე ხარისხიანად იმუშავებთ, ის, პალიტრაში ნათელი ფერების არარსებობის შემთხვევაშიც კი, ელეგანტური და მიმზიდველი იქნება.
- ფერების არჩევანი შეზღუდულია. ასეთი გადაწყვეტილება საკმაოდ ზღუდავს თავისუფლებას, თუმცა ყოველთვის შეგიძლიათ, პალიტრას რამდენიმე ნათელი დეტალი შეჰმატოთ ან დამატებითი ფერი გამოიყენოთ (მაგალითად, ნაცრისფერი ან ბუნებრივი ხისფერი), ასევე, ყურადღება გაამახვილოთ მკაფიო ხაზებსა და გამოხატულ ტექსტურაზე.
- ორივე ფერი ადვილად ბინძურდება. ეს ნებისმიერ ელფერზე შეიძლება ითქვას, მაგრამ არსი ისევ ნიუანსებშია. დიახ, მუქი მქრქალი ნაკრები სამზარეულოში ან თოვლივით თეთრი კედლები დერეფანში არც ისე მოსახერხებელი არჩევანია, თუმცა პრობლემა შესაფერისი ზედაპირისა და მასალის დახმარებით მოგვარდება. მაგალითად, ნებისმიერი ფერის მინაბოჭკოვანი შპალერი უფრო ადვილად იწმინდება და უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე ყველაზე იაფი ვინილის შპალერი.