16/04/2021
დამოუკიდებელმა ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ მორიგ live-ჩართვაში facebook-ზე ქვეყანაში არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრა.
გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას მწვავედ აკრიტიკებს.
“მაპატიეთ, რომ არასასიამოვნო ინფორმაციას გეუბნებით, მაგრამ სიმართლე ვიღაცამ უნდა გითხრათ. თქვენ გაქვთ უფლება, იყოთ ინფორმირებული და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. მეგონა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებდა, იმდენი ვილაპარაკე და საჯაროდ იმდენჯერ გავაფრთხილე. გადაწყვეტილების მიმღებნი, მაგრამ ამაოდ – არაპროფესიონალიზმი და კორუფცია ღუპავს საქართველოს.
დღეს ოფიციალურად გამოცხადდა, რომ თურმე 27 აპრილიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური „სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია დაიწყება და რომ თურმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ექსპერტები სრულად უჭერენ მხარს, დაიწყოს ამ ვაქცინით ვაქცინაცია. ახლა გავშიფროთ ამ გადაწყვეტილების, რბილად, რომ ვთქვათ, მცდარობა.
თავშივე ვიტყვი, 2 მლნ თუ რაც გადაიხადეს ამ ნაგავში, წყალში გადაყრილი ფულია. ის მეორე ნაჩუქარი ჩინური ვაქცინის 100 000 დოზაც ასევე ნაგავში უსარგებლოდ გადასაყრელია ფაქტიურად და აი, რატომ:
ექსპერტები და ეპიდემიოლოგები, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში მესამე ტალღის შესაჩერებლად ჩინური ვაქცინით დაიწყონ ვაქცინაცია, არიან ან უცოდინრები, ან კორუმპირებულები. თვითონ აირჩიონ, რომლები არიან ან თქვენ შეაფასეთ.
მივყვეთ საკითხს თანმიმდევრიბით
დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სამიოდე დღის წინ აღიარა, რომ საქართველოში ამჟამად უკვე მოცირკულირე ვირუსების 70% ბრიტანული შტამია, ხოლო ძველი, ე,წ, ვუჰანის ვირუსი მხოლოდ 30%-ია. საქმე იმაშია, რომ ჩინური ვაქცინა საერთოდ არ მოქმედებს ბრიტანულ შტამზე. გამოდის, რომ ამ 70%-ს ის ვერაფერს დააკლებს. ახლა დარჩენილ 30% ვუჰანურ ვირუსზე რა ხდება, გეტყვით. თვითონ ჩინური ვაქცინის ეფექტურობა, რომელიც მხოლოდ ამ ვუჰანურ ვირუსის წინააღმდეგ მოქმედებს, არის მხოლოდ 50% (ეს რამდენიმე დღის წინ თავად ჩინეთის მთავრობამ აღიარა). ანუ გამოდის,რომ ამ 30%-ის ნახევარს ანუ 15%-ს დაიცავს.
მარტივი არითმეტიკაა – ჩინური ვაქცინით აცრის შემთხვევაში 100 ადამიანიდან მხოლოდ 15 იქნება დაცული. ეს არის ბაზისური ეპიდემიოლოგია
ვუჰანური ვირუსი უკვე მილევადია და სექტემბრისთვის პრაქტიკულად აღარც იქნება, გადაიქცევა, როგორც სეზონური გრიპი. შეკითხვა, რისთვის გვინდა ეს ჩინური ვაქცინა.
რაც შეეხება ასტრაზენეკას, ყოველდღე ახალი ნეგატიური ამბები მოდის ამ ვაქცინაზე. დღეს უკვე ნორვეგიაც აპირებს მისი გამოყენების შეწყვეტას და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვისაც უკვე აქვს ასტრაზენეკას პირველი დოზა გაკეთებული, მეორე დოზად ფაიზერს გაუკეთებენ. დანიამაც საერთოდ შეაჩერა მისი გამოყენება. რაც შეეხება გერმანიას, იქ მხოლოდ 60 წლის ზემოთ აკეთებენ, საფრანგეთსა და კანადაში – 55 წელს ზევით;
ერთადერთია ფაიზერია, რომელსაც სხვა ვაქცინებთან შედარებით ეფექტურობაც მაღალი აქვს, ნაკლები პრობლემებიც – გვერდით ეფექტებთან დაკავშირებით და ასევე შედარებით კარგად ფარავს სხვადასხვა შტამებს.
კიდევ ერთი პრობლემა, რაც ზოგადად ორდოზიან ვაქცინებთან დაკავშირებითაა. ადამიანები, ნებისმიერ ქვეყანაში, მეორე დოზის გასაკეთებლად ყველანი არ ცხადდებიან. სტატისტიკის თანახმად, მაგალითად, ამერიკაში მეორე დოზის გასაკეთებლად აცრილთა 10% არ მივიდა. და ეს ხდება ქვეყნებში, სადაც ელექტრონული ჯანდაცვაა. საქართველოში, სადაც ელექტრონული ჯანდაცვა საერთოდ არ არის, როგორ ვაპირებთ აცრილი ადამიანების გაფრთხილებას, რომ მივიდნენ მეორე დოზის გასაკეთებლად. როგორ ვაპირებთ ამ პროცესის დიჯიტალიზაციას და მენეჯმენტის განხორციელებას.
კიდევ ერთი პრობლემა – თქვენ იცით, რომ თუნდაც ფაიზერის შემთხვევაში მესამე დოზის გაკეთებაცაა საჭირო მეორე დოზით ვაქცინირებიდან 5 თვის შემდეგ? ვინმემ გითხრათ ეს? ან ვინმე ზრუნავს, რომ ეს მესამე დოზა შემოიტანონ? არა!
გეკითხებით, ჩინურ ვაქცინას არა აქვს არც ჯანმოს და არც ერთი ძლიერი მარეგულირებლის აღიარება. არ მუშაობს საქართველოში 70%-ით გავრცელებულ ბრიტანულ შტამზე. რატომ მიდიხართ ამ ნაბიჯზე?
ვინ არის ეს 82 ექსპერტი, ვინც ვაქცინაციის გეგმის ნაცვლად სადღეგრძელო დაწერა და ამდენი შეცდომის დაშვების შესაძლებლობა გააჩინა ამ გეგმით. დადეთ ამ ექსპერტების და ეპიდემიოლოგების სია საჯაროდ. ერი უნდა იცნობდეს თავის მავნებლებს.
ამდენი მავნებელი ერთად თავმოყრილი, ერთ დროს და ერთ ადგილას, რა უბედურებაა ოდესმე ხომ დალაგდება ეს ქვეყანა და მოგეკითხებათ.
არავინ დამაბრალოს ანტივაქსერობა. მე ვარ პირველი მომხრე ვაქცინაციის, ოღონდ რისკების სწორად შეფასების და პროცესის სწორად წარმართვის შემთხვევაში. გაიარეთ კონსულტაცია თქვენი ოჯახის ექიმთან, სწორად შეაფასეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რისკების გათავლისწინებით მხოლოდ თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და უსაფრთხო. ვირუსს ახასიათებს ციკლურობა, იმედია, მაისის ბოლოსკენ ვირუსის გავრცელების მრუდი უკვე ქვემოთ წავა. მზის ულტრაიისფერი სხივებიც თავის საქმეს იზამს. მანამდე ძალიან მოუფრთხილდით თავს. დაიცავით ორმეტრიანი დისტანცია. კი არ გეუბნებით, მიტინგებზე არ იაროთ-მეთქი. პირიქით, ისეთი სიტუაციაა, დუღს ქვეყანა და ცვლილებების დროა – კი, ბატონო, იარეთ მიტინგებზე, მაგრამ ორმეტრიანი დისტანციით და სამედიცინო პირბადით. ატარეთ ყველგან სამედიცინო პირბადე 5 წლის ასაკიდან, დაიბანეთ ხელები და დაიცავით ორმეტრიანი დისტანცია” – ამბობს ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
წყარო: https://old.primetime.ge/mapatiet-rom-arasasiamovno-informatsias-geubnebit-giorgi-fkhakadze/