დეტალური გზამკვლევი ფარდის სწორად შერჩევისთვის
ახალი სეზონის დაწყებასთან ერთად, დიზაინერები ოთახების ტექსტილური გაფორმების შეცვლას უწევენ რეკომენდაციას. ეს არა მხოლოდ დეკორატიულ ბალიშებსა და გადასაფარებლებს, არამედ ფარდებსაც ეხება. ამ სტატიაში მოცემულია რამდენიმე მარტივი რჩევა, რომლებიც ახალი ფერდების შერჩევაში და მათი ჩამოკიდებისას შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
5 ზოგადი რჩევა:
- კარნიზი რაც შეიძლება მაღლა დაამონტაჟეთ, ეს ოთახს ვიზუალურად აფართოებს.
- კარნიზი ფანჯარაზე გრძელი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება ფარდების უკიდურეს წერტილებამდე გადაწევა, რაც სინათლის ნაკადს მაქსიმალურად გაზრდის. იდეალურ შემთხვევაში, დამონტაჟებული კარნიზი ფანჯრის ღიობს თითო მხარეს დაახლოებით 20-25 სმ-ით უნდა სცდებოდეს.
- ფარდების სიგანე პირდაპირ არის დამოკიდებული მასალის სიმკვრივესა და ტექსტურაზე, მაგრამ ზოგადად, ფარდა ფანჯარაზე ორჯერ ფართო უნდა იყოს – ასეთ შემთხვევაში ის ჰარმონიულად გამოიყურება. უფრო მეტიც, რაც უფრო თხელია მასალა, მით მეტია დასაშვები სიგანე. მაგალითად, მსუბუქი ზაფხულის ტიული ან ორგანზა შეიძლება ფანჯრის ღიობზე 3-4-ჯერ ფართო იყოს, ჩითი, ატლასი ან ტილო – 2-2.5ჯერ, ხოლო მკვრივი ფარდის ქსოვილები, როგორიც არის ხავერდი, თავთა ან ჟაკარდი – მხოლოდ 1.5-2-ჯერ.
- განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფერისა და მასალის არჩევანს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხავერდისა და ატლასის ფარდები სკანდინავიური სტილის ლაკონიურ ინტერიერს მოერგოს, ხოლო ნათელი გეომეტრიული ორნამენტები – ამპირის სტილს. დაიმახსოვრეთ: თბილი ჩრდილები ოთახს სიმყუდროვეს მატებს, ხოლო ცივი ინტერიერს ჰაეროვნებას სძენს.
- სწორი სიგრძე წარმატების გასაღებია. მოკლე ფარდები კარგად იშვიათად გამოიყურება. როგორც წესი, უმჯობესია, ფარდა დაკიდოთ ისე, რომ სიგრძე სწორედ იატაკის დონის ზემოთ მთავრდებოდეს ან მსუბუქად ეხებოდეს იატაკს (უფრო რომანტიკული გარემოს მოყვარულთათვის).
თუმცა, ეს ხრიკები ყველა გარემოში არ მუშაობს. ზოგ სახლში ძალიან მაღალი ჭერია, ზოგში არათანაბარი კედლები, ზოგ ოთახში ფანჯრები განლაგებულია ისე, რომ „წესების მიხედვით“ კარნიზების დაყენება შეუძლებელია – თითოეული შემთხვევა უნიკალურია და ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.
ფანჯარა კედლის ცენტრში
ფანჯარა კედლის ცენტრში ერთ-ერთი კლასიკური შემთხვევაა. ასეთ დროს შეგიძლიათ ზოგადი რეკომენდაციები დაიცვათ, დაკიდოთ ფარდები მაქსიმალურად მაღლა და ფანჯრის ღიობზე 50 სმ-ით გრძელი კარნიზი იყიდოთ.
კარგი არჩევანია ორმაგი ფარდები, მძიმე, მუქი ფერის და მსუბუქი, ღია, გამჭვირვალე ფარდების კონტრასტული კომბინაცია. ეს საშუალებას გაძლევთ, აკონტროლოთ განათების ინტენსივობა: დღის განმავლობაში გამოიყენეთ ტიული ან ორგანზა, რომელიც შუქს ატარებს, ხოლო ღამით, შეგიძლიათ ფანჯარას მუქი, სქელი ფარდა გადააფაროთ და სიბნელეში კომფორტულად იძინოთ.
ორი ფანჯარა კედელზე
თუ კედელზე ორი ფანჯარა გაქვთ, სასურველია, რომ ისინი ორივე მხრიდან ფარდებით შემოიფარგლოს. შეგიძლიათ ერთი გრძელი კარნიზი დააყენოთ და სამი ფარდა ჩამოკიდოთ: ორი კიდეებზე და ერთი, უფრო ფართო, ცენტრში. ყველა ფანჯრისთვის ერთი და იგივე ქსოვილი გამოიყენეთ, ეს ინტერიერს ვიზუალურ მთლიანობასა და ორგანულობას შესძენს. იგივე პრინციპი ვრცელდება ვერანდის ფანჯრებზე, ერკერულ ფანჯრებზე ან კედელზე ერთზე მეტი ფანჯრის მქონე ოთახებზე.
ფანჯარა კედელზე ასიმეტრიული პოზიციით
რთულია, როდესაც ფანჯარა არა კედლის ცენტრში, არამედ ოთახის რომელიმე კუთხესთან უფრო ახლოსაა განთავსებული. თუ ფარდებს კლასიკური შემთხვევის მიხედვით ჩამოკიდებთ, ერთის მხრივ, ისინი ზედმეტად მკვრივი, ხოლო მეორეს მხრივ პირიქით – ზედმეტად არამდგრადი გამოჩნდება. ამ განლაგების კარგი გამოსავალია ცალი მხრიდან ერთი დიდი ფარდის ჩამოკიდება. მთავარია, ის საკმარისად ფართო იყოს იმისთვის, რომ მთელი ფანჯარა დაფაროს.
ლამაზი ფანჯარა
ზოგიერთი ფანჯარა თავად დეკორაციაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ანტიკვარულ ჩარჩოებს ან ვიტრაჟულ ფანჯრებს ეხება. ასეთი ფანჯარა ფარდამ, დაჩრდილვის ნაცვლად, ჰარმონიულად უნდა შეავსოს და მის სილამაზეს ხაზი უნდა გაუსვას. ასეთი შემთხვევებისთვის კარგი არჩევანი იქნება უბრალო, ნეიტრალური ქსოვილებისგან დამზადებული ფარდები: ცალ მხარეს შეუმჩნევლად ჩამოკიდებული ფარდა მთელ ყურადღებას თავისკენ არ მიიზიდავს. უკიდურეს შემთხვევაში, შეგიძლიათ სრულიად დაივიწყოთ ფარდები და ფანჯრებს მთელი თავისი დიდების წარმოჩენის შესაძლებლობა მისცეთ.
ფანჯარა ვიწრო ოთახში
ვიწრო, მოგრძო ფორმის ოთახი პატარა კედელზე მოთავსებული ფანჯრით, რომელიც თითქმის მთელ სივრცეს იკავებს კიდევ ერთი საკმაოდ გავრცელებული და რთული ვარიანტია დეკორაციისთვის. ყველაზე აშკარა გამოსავალია ჟალუზები, მაგრამ თუ უპირატესობას ტექსტილს და გრძელ ფარდებს ანიჭებთ, მაშინ ეს ვარიანტი არ გამოგადგებათ. ასეთ შეთხვევაში, შეგიძლიათ ფარდა ისე დაკიდოთ, რომ იატაკს ერთ მხარეს ლამაზად ეხებოდეს – ასიმეტრია სივრცეში ვიზუალურ დინამიკას შემოიტანს და წარუმატებელი განლაგებიდან ყურადღებას გადაიტანს. შეარჩიეთ ქსოვილი, რომელიც დღის სინათლის ოთახში შეღწევას ხელს არ შეუშლის, პირიქით – აირეკლავს მას და მთელს ოთახში გაავრცელებს.
დიდი პანორამული ფანჯრები
დიდი პანორამული ფანჯრებისთვის ჟალუზები იდეალურია. ისინი ინტერიერს ცნობისმოყვარე თვალებისგან ეფექტურად იცავს, თავიდან გაცილებთ ზედმეტ მზის სხივებს და იმავდროულად, ოთახში საკმარის დღის შუქს უშვებს.
მასალის გამოყენების პირობები