შემოსასვლელი სივრცე არის პირველი, რაც სახლში მოხვედრისას ჩნდება და მყისიერად ქმნის შთაბეჭდილებას ინტერიერის შესახებ. სახლის ამ ნაწილის მოვალეობაა, შექმნას ერთგვარი გადასვლა ერთი ოთახიდან მეორეში და უზრუნველყოს ერთიანი ატმოსფერო. იმისთვის, რომ მშვიდი, კომფორტული შემოსასვლელი შეიქმნას, საუკეთესო ვარიანტი ნეიტრალური ჩრდილებისა და საღებავების გამოყენებაა.
მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ “ნეიტრალური” ნიშნავს მხოლოდ თეთრსა და ნაცრისფერს. თანამედროვე ბრენდებმა უკვე შეიმუშავეს საღებავების მრავალფეროვნება, რომლებიც ნებისმიერ განათებაში საინტერესო ჩრდილებს ქმნიან. ამგვარი ნეიტრალური ფერები ხასიათით სავსეა და არ ჰგავს ძველებურ, მოსაწყენ და სადა ტონებს. დღეს კი სწორედ ასეთ სამ ნეიტრალურ ფერს გაგიზიარებთ, რომლებსაც ინტერიერის დიზაინერები წელს ყველაზე ხშირად იყენებენ შემოსასვლელის შესაქმნელად.
ვარდისფერი
ეს ფერი გამოირჩევა მისი თბილი ელფერითა და ხალისიანი აქცენტებით. იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფერია და დღეს მისი უამრავი ელეგანტური ტონი არსებობს. მოვარდისფრო ელფერი თავისთავად ითვლება ერთ-ერთ ნეიტრალურ და დახვეწილ ფერად. ამგვარი ტონი ნაცრისფერზე ბევრად თბილი და თეთრზე უფრო მრავალმხრივია. ნუ შეგეშინდებათ ასეთი ფერის გამოყენება როგორც ჭერის, ასევე კედლების დიზაინისთვის და გახსოვდეთ, რომ ის ძალიან უხდება ბუნებრივ მწვანე დეტალებსაც.
კრემისფერი ჩრდილები
ყვითელ ბაზაზე დაფუძნებული კრემისფერი ტონები ახლა განსაკუთრებით პოპულარულია. თავად კრემისფერი ძალიან დახვეწილი ნეიტრალური ფერია, თუმცა საინტერესოა მისი შედარებით შოკოლადისფერი და მოყავისფრო ტონებიც. უფრო ღია ტონს შეუძლია შექმნას მსუბუქი და მიმზიდველი შეგრძნება, ხოლო მუქი შედარებით დახვეწილია და ის მყუდრო შემოსასვლელს ქმნის. კრემისფრის უპირატესობა არის ის, რომ ის ძალიან მრავალმხრივია, ასე რომ, შესაძლებელია მასთან სხვადასხვა აქსესუარებისა და დეკორაციების თამამად გამოყენება. ამასთან, შემოსასვლელი ხშირად ვიწროა და ბუნებრივი განათება აკლია, ამიტომ უფრო ღია კრემისფრის შერჩევის შემთხვევაში, სახლში თბილი და ნათელი განწყობის შენარჩუნებას შეძლებთ.
ღია ცისფერი
მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს რაიმე უფრო გრილს და მოსწონს ნაცრისფერი ტონის ეფექტი, იდეალურია ღია ცისფერი, რომელსაც დამამშვიდებელი და მშვიდი განწყობა ახლავს თან. ასეთი ფერი ბუნებასთან სიახლოვის შთაბეჭდილებას ქმნის და გაცილებით “რბილია”, ვიდრე მკაცრი და ცივი ნაცრისფერი. ამასთან, იცვლება განათების მიხედვით და ნებისმიერ სივრცეს ჰაეროვან, სუფთა და ამაღლებულ ხასიათს აძლევს. ოთახისთვის ფერის შერჩევისას, პირველ რიგში, აუცილებელია იცოდეთ, თუ როგორი განწყობის შექმნა გინდათ ინტერიერში, მშვიდ და მყუდრო ატმოსფეროს კი ეს ფერი შესანიშნავად უზრუნველყოფს. კიდევ უფრო ჰარმონიული და ელეგანტური გარეგნობისთვის შეუხამეთ ცისფერი კონტრასტულ ფერებსა და თქვენს საყვარელ დეკორაციებს.
მასალის გამოყენების პირობები