მცენარეები მიმზიდველი და ჯანსაღი ინტერიერის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც ხშირად სათანადო ყურადღებას არ უთმობენ. როდესაც ფიქრობთ, რომ თქვენს სახლს სიმყუდროვე აკლია, დაფიქრდით, გაქვთ თუ არა საკმარისი მცენარები ოთახში?! ბუნებრივი გამწვანება ინტერიერში სილამაზესთან ერთად თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია.
“ზოგადად, მცენარეების გარშემო დროის გატარება დადებით გავლენას ახდენს ადამიანზე”, ამბობს ემი როტენბერგი, მასაჩუსეტსის ნატუროპათიური ექიმების საზოგადოების პრეზიდენტი.
მცენარეები აუმჯობესებენ ჰაერის ხარისხს, შემოაქვთ სილამაზე სახლებში და აძლიერებენ თქვენს ემოციურ და სულიერ კეთილდღეობას. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი მცენარე კარგია და სასარგებლო თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, გთავაზობთ ექსპერტების მიერ არჩეულ რამდენიმე საუკეთესო ვარიანტს:
-
- ობობა მცენარე. ობობა მცენარე, იგივე ქლოროპიტუმ კომოსუმი, ძალიან მარტივი მოსავლელია. არ საჭიროებს მუდმივ ყურადღებას და ხარობს თქვენი მხრიდან მხოლოდ მცირედი ყურადღებით. მათ სჭირდებათ არაპირდაპირი სინათლე და ზომიერად მორწყვა. მცენარეებს გრძელი და ვიწრო ფოთლები აქვთ და სახელიც სწორედ აქედან მიიღეს, ისინი ხომ ობობებს ჰგვანან. NASA-ს კვლევამ შეისწავლა რამდენიმე ინტერიერის მცენარე და დაადგინა, რომ მცენარეებს შეუძლიათ იმოქმედონ როგორც ბუნებრივი ფილტრები ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებების შესამცირებლად. კვლევამ აჩვენა, რომ ობობა მცენარეებმა 24 საათის განმავლობაში ჰაერიდან ამოიღეს ტოქსიკური ფორმალდეჰიდის 95%.
- მშვიდობის შროშანი. სახელი “მშვიდობის შროშანი” ნამდვილად იწვევს სიმშვიდის გრძნობას. ის ესთეტიკურად ძალიან ლამაზია და, აგრეთვე, შეუძლია ყვავილობა. მშვიდობის შროშანი ხელს უწყობს ჰაერიდან ნახშიროჟანგის და აქროლადი ორგანული ნაერთების ამოღებას. ის მრავალწლოვანი მცენარეა და განუწყვეტლივ შეუძლია ფართო თეთრი ყვავილების წარმოება. მათ არ სჭირდებათ ბევრი სინათლე, ამიტომ შესანიშნავია დაჩრდილულ სივრცეებში განსათავსებლად.
- კაუჩუკოვანი ხე. კაუჩუკოვანი ხე, იგივე ფიკუს ელასტიკა ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია ინტერიერისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ მათ აქვთ ჰაერის გაწმენდის თვისებები. მათ სჭირდებათ არაპირდაპირი, გაფანტული სინათლე და იშვიათი მორწყვა.
- გველის მცენარე. დიდი ხნის განმავლობაში ცნობილი, როგორც “დედამთილის ენა”, გველი მცენარე, ან სანსევიერა გამოირჩევა მაღალი ფოთლებით, რომლებიც ვერტიკალურად იზრდება. მათ ძირითადად დეკორატიული ფუნქცია აქვთ და უკიდურესად მცირე მოვლა სჭირდებათ. მცენარეებს მხოლოდ მაშინ სჭირდებათ მორწყვა, როდესაც ნიადაგი ძალიან მშრალია. იზრდებიან ნებისმიერი სახის სინათლეზე და, ზოგადად, “ყვავილობენ უგულებელყოფით”. გველის მცენარე შესულია ნასას ზემოხსენებულ ფართო კვლევაში ინტერიერის მცენარეების შესახებ და დადასტურებულია, რომ დროთა განმავლობაში აშორებს ტოქსინებს ჰაერიდან.
- გვიმრები. 2022 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გვიმრებს შორის ბოსტონის ნაირსახეობამ საუკეთესო შედეგი დადო ჰაერიდან აქროლადი ორგანული ნაერთების შემცირებაში. აღნიშნული მცენარეები მარტივად იზრდებიან და საუკეთესოდ გამოიყურებიან დაკიდულ მდგომარეობაში. მათ სჭირდებათ საშუალო კაშკაშა განათება და მუდმივად ტენიანი ნიადაგი, ასე რომ შესაძლოა მათ ცოტა მეტი დრო დასჭირდეთ.
- პოთოსი. პოთოსი, ცნობილი, როგორც “ეშმაკის სურო” ან “ოქროს პოთოსი” ერთ-ერთი უმარტივესი მცენარეა მოსავლელად. მცენარეებს აქვთ გულის ფორმის ფოთლები. მათ სჭირდებათ მზის არაპირდაპირი შუქი და იშვიათი მორწყვა. კვლევებმა აჩვენა, რომ პოთოსს შეუძლია შეამციროს ოზონის დონე შიდა სივრცეებში, რაც აადვილებს სუნთქვას და ამცირებს რესპირატორული დაავადებების რისკს.
- ინგლისური სურო. ინგლისური სურო, იგივე ჰედერა ჰელიქსი, არის, როგორც ინტერიერის ასევე ექსტერიერის მცენარე. ის ამცირებს ოთახში ნახშიროჟანგის, ფორმალდეჰიდისა და ტოქსინების დონეს. ინგლისური სურო განსაკუთრებით ლამაზია ჩამოკიდებულ კალათებში. საუკეთესოდ იზრდება მზის პირდაპირ შუქზე და ნიადაგის გაშრობის შემდეგ საჭიროებს საფუძვლიან მორწყვას.
- სუკულენტები და კაქტუსები. ეს მცენარეები გვალვაგამძლეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ სჭირდებათ რეგულარული მორწყვა. აქვთ მრავალი ფორმა და ზომა, რათა დაამშვენონ თქვენი ინტერიერები. ზოგიერთ ჯიშს, მათ შორის ნეფრიტის მცენარეს, შეუძლია გაზარდოს ტენიანობა ოთახში. ალოე ვერას მცენარეებს აქვთ სამკურნალო თვისებები და ხელს უწყობენ ჭრილობების, დამწვრობის და კანის სხვა დაავადებების განკურნებას.
Sheniinterieri-სთვის სტატია მოამზადა ფლორენციის დიზაინის აკადემიის კურსდამთავრებულმა, ინტერიერის დიზაინერმა, თაკო არდოტელმა.
❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫
მასალის გამოყენების პირობები