ფარდებსა და ჟალუზებს შორის არჩევანის გაკეთება ხშირად საკმაოდ რთულია, რადგან ორივე მათგანს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნია. დღევანდელ სტატიაში რამდენიმე მთავარი ფაქტორის შესახებ გიამბობთ, რათა გადაწყვეტილების მიღების პროცესი მაქსიმალურად გაგიმარტივდეთ და განსაზღვროთ, რომელია საუკეთესო სახლში სინათლის კონტროლის, ხმის იზოლაციისა და სხვა საჭიროებების მიხედვით.
ფანჯრებზე ფარდების ან ჟალუზების განთავსება საშუალებას გაძლევთ, აკონტროლოთ სახლში შემოსული მზის სხივების სიჭარბე და ამასთან, შეარჩიოთ სასურველი დიზაინი თქვენი ინტერიერის გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბაზარზე ჟალუზების ფართო არჩევანს ვხვდებით, ფარდები შედარებით უფრო პოპულარულ ვარიანტად ითვლება.
•
რომელია შედარებით ბიუჯეტური არჩევანი?
ჟალუზების დამზადებას ნაკლები მასალა და დრო სჭირდება და მისი დამონტაჟებაც ძალიან მარტივია. საშუალოდ, მის დამზადებას ხუთამდე სამუშაო დღე სჭირდება, ხოლო მონტაჟს – 10-20 წუთი. პლასტიკური ჟალუზები შეამცირებს თქვენს ხარჯებს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ არსებობს ხის და მაღალი ხარისხის ვინილის მოდელებიც, რომლებიც შესაძლოა ბევრად უფრო ძვირადღირებული იყოს, ვიდრე ფარდები.
ფარდები ჩვეულებრივ უფრო ძვირი ღირს, რადგან მათ დამზადებას დიდი დრო და მასალა სჭირდება. ამასთან, არჩევანი ძალიან მრავალფეროვანია და განსხვავდება ხარისხის, დიზაინის, ზომებისა და სხვა ფაქტორების მიხედვით. ზოგიერთი მათგანი ხელით ნაქარგიც კი არის, რაც კიდევ უფრო ზრდის ფასებს, მაგრამ ქმნის ბევრად უფრო დახვეწილ დიზაინსაც.
რომელი აკონტროლებს უკეთ მზის სინათლეს?
თუ ფარდების გადაწევა ან ჩამოფარება მხოლოდ ვერტიკალურად არის შესაძლებელი, ამ მხრივ ჟალუზები უფრო მრავალმხრივი ფუნქციებით გამოირჩევა. მისი კონტროლი შესაძლებელია სპეციალური ამწევებით და შუქის დაცემის კუთხე დაუყოვნებლივ იცვლება.
თუმცა, ჟალუზების დიზაინი ითვალისწინებს იმას, რომ გარკვეული შუქი მასში აუცილებლად გაივლის მაშინაც კი, როდესაც ის სრულიად დახურულია. ხოლო როდესაც ფარდებს ვხურავთ, ისინი ბლოკავენ სინათლის ნაკადს თითქმის სრულად.
•
რომლის მოვლაა შედარებით მარტივი?
იქიდან გამომდინარე, რომ ჟალუზებს მყარი და გლუვი ზედაპირი აქვს, გასაკვირი არ არის, რომ მათი გაწმენდა შედარებით უფრო მარტივია და მტვრის მოსაშორებლად მხოლოდ სველი ქსოვილიც საკმარისია. ჯიუტი ლაქების მოსაშორებლად გირჩევთ ძმრის ნარევს, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: 75% წყალს შეურიეთ 25% თეთრი ძმარი და გაწმინდეთ ჟალუზები ქსოვილით, ორივე მხრიდან.
ფარდების გაწმენდა ცოტა უფრო რთულია, მაგრამ მარტივი ლაქების მოშორება მხოლოდ მტვერსასრუტის გამოყენებითაც შეიძლება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ როდესაც ფარდას სარეცხის მანქანაში რეცხავთ, საკმაოდ რთული პროცესია მისი გაშრობა, დაუთოება და შემდგომ მათი ხელახლა ჩამოკიდება.
•
რომელი ძლებს უფრო დიდხანს?
კარგად მოვლილი ჟალუზების გარეგნობის შენარჩუნება 15 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში არის შესაძლებელი. ისინი უფრო გამძლეა ვიდრე ფარდები. ქსოვილი, იქნება ეს ბამბა, აბრეშუმი თუ რაიმე სხვა, უფრო მიდრეკილია გაცვეთის, გახეხვისა და გაუფერულებისკენ, ასე რომ მათი შეცვლა შედარებით ხშირად არის რეკომენდებული.
რომელი უზრუნველყოფს უკეთეს ხმის იზოლაციას?
როგორც ფარდებს, ასევე ჟალუზებსაც შეუძლიათ თქვენს სახლში ხმის იზოლაცია გარკვეულ დონეზე უზრუნველყონ, ამას გარდა, ისინი თბოიზოლაციის როლსაც ასრულებენ. მაგრამ ფარდები, რომლებსაც უფრო სქელი და ერთგვაროვანი ტექსტურა აქვთ, უკეთ ახერხებენ როგორც ხმის, ასევე სითბოს შეკავებას. განსაკუთრებით ის მოდელები, რომლებიც დამზადებულია ხავერდის ან მისი მსგავსი მასალისაგან. თუმცა, თბილ ამინდში ჟალუზები უფრო ენერგოეფექტურია იმის გამო, რომ ისინი უფრო მეტ სითბოს უშვებენ ოთახიდან.
•
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ როგორც ფარდებს, ასევე ჟალუზებსაც თავიანთი უპირატესობები აქვთ. ფარდების შემთხვევაში, ეს ხარისხი და გამორჩეული დიზაინია. ისინი გვხვდება უამრავი სახის მასალის, ტექსტურის, სტილისა და ფერის მიხედვით, ერგება როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე ინტერიერსაც, ხოლო ჟალუზები უფრო მეტად მინიმალისტურ სტილში გამოიყენება. სწორედ ამიტომ, არჩევანის გაკეთებისას კარგად განსაზღვრეთ თქვენი სურვილები და პრიორიტეტები.
#gochadze #drpkhakadze #sheniambebi #sheniinterieri
მასალის გამოყენების პირობები