ბევრი ადამიანისთვის ფეხბურთის ყურება ჰობიზე მეტია და ცხოვრების სტილსაც კი ქმნის. საყვარელი გუნდის თამაშის ნახვა ადამიანებს ყოველდღიური რუტინისგან გაქცევაში ეხმარება და მათ განწყობაზე დადებითად მოქმედებს. ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივრებს საკუთარი საყვარელი გუნდის ნახვა, რა თქმა უნდა, საფეხბურთო მოედანზე ურჩევნიათ, მაგრამ ეს პროცესი არც სახლიდან არის ურიგო, მითუმეტეს, თუ თქვენ გვერდით მეგობრები იმყოფებიან, აგემოვნებთ გემრიელ სასუსნავებსა და ლუდს, ოთახში კი სასიამოვნო და კომფორტული ატმოსფერო დგას. სწორედ ამ უკანასკნელის შესაქმნელად, რამდენიმე დიზაინერული ხრიკი არსებობს.
იდეალური დივანი
კომფორტული დივანი ის აუცილებელი ატრიბუტია, რომელიც საყვარელი გუნდის გულშემატკივრობას უფრო სასიამოვნო პროცესად გარდაქმნის. გამართული დივანი იდეალურია იმისთვის, რომ კონცენტრაცია მთლიანად ფეხბურთისკენ მიმართოთ და დისკომფორტმა არ შეგაწუხოთ. რბილი ბალიშების დამატებით კი კომფორტის დონეს გაიორმაგებთ.
სკამები და პუფები
ფეხბურთის ნახვა უფრო საინტერესო და გასართობი ხდება მაშინ, როდესაც საყვარელ გუნდს მეგობრებთან ერთად გულშემატკივრობთ. ეს დეტალი ოთახის დიზაინშიც უნდა გაითვალისწინოთ და სკამები პუფებთან ერთად დაამატოთ. ასევე კარგი იდეაა, თუ დაბალი სიმაღლის სკამებს იგივე ოტომანებს დივნის წინ დაიდგავთ, მასზე კი შეგიძლიათ საჭმელი ან სასმელი შემოდგათ.
ავეჯი სასმელისა და სასუსნავებისთვის
ლუდის სმა ხშირად ფეხბურთის ყურებასთან ასოცირდება. ეს ორი რამ ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. იმისთვის, რომ ტელევიზორს თვალი არ მოწყვიტოთ, სივრცის მოწყობისას ერთი მთავარი წესი გაითვალისწინეთ: გვერდითა მაგიდა და ოტომანი ისე ახლოს დადგით, რომ ხელის გაწვდენა სირთულეს არ წარმოადგენდეს. ეს თქვენს მეგობრებსაც დაეხმარება, რომ ფეხბურთის ყურებასთან ერთად ისიამოვნონ ცივი ლუდითა და გემრიელი სასუსნავებით.
მარტივად გასაწმენდი ქსოვილები
ფეხბურთი ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი სპორტია და მისი მაყურებლებიც ემოციურობით გამოირჩევიან ხოლმე. ხშირად ხდება, რომ საჭმლით და სასმლით ისვრება იატაკი და დივანი. სწორედ, ამიტომ, შეარჩიეთ ისეთი დიზაინი, რომელიც მარტივად იწმინდება და ხარისხით გამოირჩევა. მაგალითად, თეთრი ხალიჩის ნაცვლად იატაკის საფარად ვინილის ფილები ან ლინოლიუმი შეარჩიეთ. ასევე, დივანზე გადააკარით ტყავი, რომელსაც მარტივად გაწმენდთ.
თემატური ოთახი
საყვარელ გუნდთან დაკავშირებული ატრიბუტები ფეხბურთის ბევრი გულშემატკივრისთვის უძვირფასესია. ამ ატრიბუტების დიზაინში გადმოტანით კი გულშემატკივრობა უფრო ემოციური და ამაღელვებელი ხდება ხოლმე. ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტი იმ ფერების შემოტანაა, რომელიც თქვენს საყვარელ გუნდს უკავშირდება. ასეთი ფერის ფარდები, ქსოვილები ან ბალიშის ქსოვილები თემატურ გარემოს ქმნის. აქსესუარებს, ბურთებს, მაისურებსა თუ თემატურ ჭიქებს ინტერიერში საფეხბურთო სულისკვეთება შემოაქვს და კარგ განწყობაზე გაყენებთ.