ბინის ყიდვა ნებისმიერი ოჯახის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ავეჯის შერჩევისა და ყიდვის პროცესიც. დივანი ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტია, რომელიც სახლში სიმყუდროვეს ქმნის და დადებითი, განსაკუთრებული ემოციებით გავსებთ. შემოგთავაზებთ რჩევებს, რომლებიც რბილი ავეჯის შერჩევაში დაგეხმარებათ.
- კარკასი
არსებობს რბილი ავეჯის რამდენიმე სახეობა: გასაშლელი, დივანი, კუთხის დივანი და სამეული. დივანი გამძლე, მყარი და საიმედო უნდა იყოს. მისი შეძენისას, პირველ რიგში, ყურადღება კარკასს მიაქციეთ. კარკასი მზადდება ხისა და მეტალისგან. არსებობს კომბინირებული ვარიანტებიც. საუკეთესო ვარიანტი ხისგან დამზადებული კარკასია, რომელიც შედარებით ძვირი ღირს. თუ ნაკლებფასიან ვარიანტებს ეძებთ, კომბინირებული და მეტალისგან დამზადებული კარკასიც იდეალური ვარიანტი იქნება. ამ შემთხვევაში გაითვალისწინეთ მეტალის სიმძიმე, რადგან მისგან დამზადებული დივნის გადაადგილება რთული იქნება. დივნის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ იმ გადაბმის ადგილებს, სადაც მეტი დატვირთვა მოდის. შეარჩიეთ ისეთი ავეჯი, რომელიც მეტალის მასიური დეტალებით არის გადაბმული და არა წებოთი თუ ლურსმნებით. ეს ავეჯის სიმყარეს და მის ხანგრძლივ გამოყენებას განაპირობებს.
- ფუნქცია
დივანი ის სერიოზული შენაძენია, რომელიც სხვა აქსესუარებთან შედარებით უფრო დიდი ხანი უნდა გქონდეთ. სწორედ ამიტომ დივნის შეძენისას მისი ფუნქციონალური დანიშნულება აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ამ შემთხვევაში უნდა იცოდეთ ის 3 მექანიზმი, რომლებიც დივნების ასაწყობად გამოიყენება. ესენია: გამოსაწევი, ე.წ, „დელფინი“ მექანიზმი, წიგნისებრი მექანიზმი და „მაკრატელი”. მათ შორის ყველაზე პოპულარული წიგნისებრი მექანიზმია, რომელიც მარტივად იშლება და ბიუჯეტურია. ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის არის კომფორტული, რომლებიც დივანს სარელაქსაციო ფუნქციით იყენებენ. თუ დივანი ყოველდღიური საწოლისთვის გჭირდებათ, აარჩიეთ გამოსაწევი იგივე „დელფინი“ მექანიზმი. ის მარტივად იშლება და დამატებით ადგილს არ საჭიროებს. მცირე ფართის ბინებისთვის მსგავსი მექანიზმის დივნები იდეალური ვარიანტია. დიდი ფართის ბინებისთვის კი „მაკრატელის“ მექანიზმის დივანი დაგჭირდებათ, რომელიც წრიული მოძრაობით იშლება და სრულფასოვან 2-საწოლიან ადგილს გაძლევთ.
- დივნის შიგთავსი
დივნის ღრუბელი ავეჯის აუცილებელი კომპონენტია. ხშირად არის შემთხვევები, როცა ის დეფორმაციას განიცდის. ამის მიზეზად დაბალი ხარისხის მასალები შეიძლება ჩავთვალოთ. იმისთვის, რომ დივანმა შეინარჩუნოს სირბილე და ფორმა, უმჯობესია კომბინირებული ვარიანტები აირჩიოთ. ამ შემთხვევაში იდეალური კომბინაციაა ბუმბულისა და პოლიურეთანის ქაფის გამოყენება. ბუმბული უზრუნველყოფს სირბილეს, ხოლო პოლიურეთანის ქაფი გამოირჩევა მაღალი ხარისხის დამუშავებით და დიდი წონის გამძლეობით. საბოლოო ჯამში კი, თქვენ დივნის დეფორმაციისგან დაზღვეული იქნებით.
- გადასაკრავი
დივნის გადასაკრავი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, ესენია, ვიზუალი, გამძლეობა და მარტივად მოსავლელი. მაგალითად, თუ შინაური ცხოველები გყავთ, გაითვალისწინეთ, რომ ტყავის დივანი რთული მოსავლელი და არცთუ ისე პრაქტიკულია. ის სწრაფად დაკარგავს მიმზიდველ იერს. ყველაზე გამძლე ვარიანტებს შორის არის ჟაკარდი და ფლოკის ქსოვილები. ისინი ბიუჯეტური ფასითა და პრაქტიკული თვალსაზრისით ნამდვილად გამორჩეულები არიან. ვიზუალური ეფექტურობით კი უპირატესობა ხავერდისა და ველიურის ქსოვილებს ენიჭება.
- სტილი
დივნის შეძენისას არა მარტო ამ ავეჯის ვიზუალი, არამედ მთელი თქვენი სახლის ინტერიერის სტილი უნდა გაითვალისწინოთ. ფერებში შეზღუდული არ ხართ. ნეიტრალურ ფერებში გადაწყვეტილი ბინის ინტერიერიც კი აქცენტირებული მკვეთრი ფერის მქონე ავეჯით შეგიძლიათ გამოაცოცხლოთ და ორიგინალური დიზაინი შექმნათ.
მასალის გამოყენების პირობები