სახლი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს და ეს მის ინტერიერის დიზაინშიც გამოიხატება. შენობა ნიუ-იორკის ცენტრშია განთავსებული და ის ამერიკელ წყვილს ეკუთვნის.
საცხოვრებელი 1916 წელს აშენდა და მას საკმაოდ მყარი საფუძველი ჰქონდა. ინტერიერი მდიდარი იყო ძველებური და ანტიკვარული ნივთებითა და ისეთი დეტალებით, როგორიცაა მარმარილოთი მოპირკეთებული ბუხარი აბაზანაში, დახვეწილი ბიბლიოთეკა, მდიდრული ხალიჩები და სხვა.
თავდაპირველად მიზანი შენობაში მხოლოდ სანტექნიკის შეცვლა და ელექტრო მოწყობილობების შემოწმება იყო, თუმცა საბოლოოდ, მეპატრონეებმა დეკორაციებისა და დიზაინის შეცვლაც გადაწყვიტეს.
სახლში უხვად ვხვდებით ძვირადღირებულ ქსოვილებს და ფერთა მრავალფეროვან პალიტრას. კედლებზე ძირითადად ტექსტურირებული საღებავები და შპალერებია გამოყენებული, რომლებსაც ბალიშები, ფარდების ფერები და ძვირადღირებული, ანტიკვარული ნივთები ეხამება.
თანამედროვე აქცენტებთან ერთად, ვხვდებით ნივთებს, რომელთა უმეტესობაც სახლის მეპატრონეებს ეკუთვნით და ოჯახური მემკვიდრეობის ნაწილია.
ინტერიერის დიზაინში ბევრი განსხვავებული და კონტრასტული ფერია გამოყენებული, თუმცა საბოლოო ჯამში, სიმშვიდისა და სიმყუდროვის ეფექტები იქმნება, რომლებიც წყვილის კომფორტსა და პირად სივრცეს უზრუნველყოფს.
შესასვლელში ვხვდებით ანტიკურ მაგიდას, რომელსაც Vaughan-ის ძვირფასი ჭაღი ამშვენებს. კედლები კი დაფარულია Le Manach -ის შპალერით.
შესასვლელშივე ვხვდებით ანტიკვარულ სანათს, რომელიც სახლის მეპატრონის ბებიას ეკუთვნოდა და გასულ საუკუნეშია დამზადებული.
მისაღები ნაწილის კედლები შეღებილია Benjamin Moore-ის საღებავით, რომელთანაც ავეჯის ფერებია შეხამებული. აქვეა ბუხარი და ხის თაროებიც, რომლებსაც სხვადასხვა დეკორატიული ნივთები და წიგნები ამშვენებს.
სამზარეულო შედარებით ღია და ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი. ხის სკამები, რომლებსაც ტექსტურირებული საზურგეები ამშვენებს, ცნობილი დიზაინერის, კაროლინა ირვინგის მიერაა შექმნილი.
რაც შეეხება საძინებელს, სახლის ამ ნაწილში ლურჯი და ცისფერი ფერებია გამოყენებული, რომლებიც თეთრი ფერის კედლებსა და ტექსტურირებულ შპალერს ეხამება და ოთახს უფრო ვრცელსა და ნათელს ხდის.
ბავშვების საძინებელში ვხვდებით შედარებით მეტ ფერსა და ტექსტურას. სახლის ეს ნაწილი მდიდარია ბუნებრივი, ფერადი ქსოვილებითა და სათამაშოებით.
აბაზანა მთლიანად სადა ფერებშია გადაწყვეტილი და აღჭურვილია თანამედროვე, პრემიუმ-ხარისხის ტექნიკით. აქვეა კიდევ ერთი ბუხარიც, რომელიც მარმარილოს მასალისგან არის აშენებული.
საბოლოო ჯამში, სახლის ხასიათი მისი მეპატრონეების ინდივიდუალური სურვილებისა და გემოვნების გათვალისწინებითაა შექმნილი და ინტერიერის დიზაინში გადამწყვეტ როლს ფერადი ქსოვილები და ტექსტურირებული დეტალები თამაშობს.
წყარო:https://www.homeis.ge
მასალის გამოყენების პირობები