სამშაბათი, დეკემბერი 3, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიექსკლუზიურად გამოგზაურებთ ჟურნალისტ ნინო თარხნიშვილის შთამბეჭდავ ინტერიერში და გიამბობთ წითელი დივნის სიყვარულის...

ექსკლუზიურად გამოგზაურებთ ჟურნალისტ ნინო თარხნიშვილის შთამბეჭდავ ინტერიერში და გიამბობთ წითელი დივნის სიყვარულის ისტორიას

sheniinterieri.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტ ნინო თარხნიშვილთან, რომლის ოთხივე წიგნი პრემია “საბა”-ს ფინალის მონაწილე გახლდათ… 💫 ნინო არაერთი საინტერესო მინიატურის ავტორიცაა, რომელთა ვიდეოვერსიის შექმნა სულ ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა და მასთან ინტერვიუს ჩაწერის იდეაც სწორედ ასეთი ერთ-ერთი ვლოგის მოსმენის დროს გამიჩნდა – “ოდა წითელ ტახტს” – ამ მინიატურას ინტერვიუს ბოლოსთვის შემოგინახავთ… იქამდე კი შთამბეჭდავ ინტერიერში გამოგზაურებთ, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ – აქსიომაა, რომ ყველა ნიჭიერ ადამიანს ინტერიერიც შთამბეჭდავი აქვს…

ნინო, გვიამბეთ ისტორია თქვენი და წითელი დივნის სიყვარულის შესახებ…

ექსკლუზიურად გამოგზაურებთ ჟურნალისტ ნინო თარხნიშვილის შთამბეჭდავ ინტერიერში და გიამბობთ წითელი დივნის სიყვარულის ისტორიას

– ჩემი და წითელი დივნის სიყვარულის ისტორია გრძელი ამბავია, 9 წელს ითვლის… ხშირად მითქვამს, რომ ეს წითელი დივანი არის ჩემი სახლი, ანუ სხვა რომ არაფერი იყოს ჩემ გარშემო, აი, ამ წითელ დივანზე ვიცხოვრებდი-მეთქი. არც კი ვიცი, რა აურა აქვს ასეთი, რომ თუ არ ვზივარ კონკრეტულად ამ სავარძლის მარჯვენა კუთხეში, სახლში მგონია, რომ სხვაგან ვარ, არაკომფორტულად ვგრძნობ თავს. მხოლოდ ეს სავარძელი და მისი მარჯვენა კუთხე არის ჩემი განსაკუთრებული ადგილი და სიყვარული. ჩაზნექილიც კი არის ის ადგილი ჯდომისგან…

მაგრამ ჩამოსაჯდომად თუ წამოსაწოლად, ვიცლი მხოლოდ დღის ბოლოს, როდესაც სამსახურს ვამთავრებ. ხშირად მიწევს სახლიდან მუშაობა… კოვიდპანდემიის შემდეგ შერეულ რაჟიმში ვმუშაობ, მაგრამ ხშირად გარეთ გასვლაც მიწევს. ეს სავარძელი ჩემთვის არის განტვირთვის და უარყოფითი ემოციებისგან განთავისუფლების ადგილი. სიმართლე რომ გითხრათ, გაფუჭდა უკვე ადგილ-ადგილ, მართლა ჩაიზნიქა… გვინდა, გამოვცვალოთ კიდეც, მაგრამ ისე მენანება, რომ მეტი არ შეიძლება! ალბათ, სანამ ბოლომდე არ გაფუჭდება, ვერ შეველევი.

ჟურნალისტი ხართ, მრავალწლიანი გამოცდილებით… მკითხველს უამბეთ, რა როლი აქვს კომფორტულ ავეჯს კონკრეტულად ჩვენი პროფესიის ადამიანების ცხოვრებაში?

– კომფორტულ ავეჯს ძალიან დიდი როლი აქვს ჩვენი პროფესიის ადამიანის ცხოვრებაში. განსაკუთრებით ამას მივხვდი კოვიდპანდემიის დროს, როცა მოგვიწია სახლიდან დისტანციურად მუშაობა. სამსახურში ყოველთვის კომფორტული სკამი მქონდა, სახლში კი – არა, რადგან  სახლიდან არასოდეს მიწევდა მუშაობა ჩემი მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში…

ექსკლუზიურად გამოგზაურებთ ჟურნალისტ ნინო თარხნიშვილის შთამბეჭდავ ინტერიერში და გიამბობთ წითელი დივნის სიყვარულის ისტორიას

ძალიან კარგად მახსოვს დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე გადავედით 16 მარტს და მთელი დღე სახლიდან მუშაობაში გავატარე. მუხლებზე მედო ლეპტოპი, ვიჯექი სავარძელში, ვბეჭდავდი მოხრილ მდგომარეობაში და მივხვდი, რომ წარმოუდგენელი იყო, მთელი ეს დისტანციური მუშაობის პერიოდი ამ მდგომარეობაში გამეტარებინა.

მაშინ არ ვიცოდი, ეს რამდენ ხანს გაგრძელდებოდა კვირების თუ თვეების განმავლობაში და რამდენ ხანს მომიწევდა ასე მუშაობა. 16 მარტი რომ დაღამდა, მაღაზიების დახურვამდე მოვახერხე სტატიის დასრულება, დავხურე ლეპტოპი, მაშინვე ჩავიცვი და წავედი საწერი მაგიდის, სანათისა და სკამის საყიდლად. მაგიდა ნამდვილად გამომადგა, მაგრამ სკამი ვერ გამოდგა კარგი, მაგრამ დღემდე ერთგულად მემსახურება.

ჩვენთვის, განსაკუთრებით ჟურნალისტებისთვის, რომელთაც ყოველთვის რაღაც ფორსმაჟორულ სიტუაციაში გვიწევს წერა, კომფორტული ავეჯი ყველაზე მნიშვნელოვანია. მე, მაგალითად, სულ დაძაბული ვარ, ბეჭებში მოხრილი, დაჭიმული. აქედან გამომდინარე, მთელი ცხოვრებაა მაწუხებს ბეჭები და კისერი ჩემი რთული რეჟიმის გამო. ამიტომ მგონია, რომ  მინიმუმ კარგი სავარძელი ჟურნალისტისთვის ნამდვილად აუცილებელია.

ბოლო დროს ხშირად ვხვდები თქვენს ვლოგებს. მიიღეთ ჩემგან, თქვენი კოლეგისგან, კომპლიმენტი, გემრიელად წერთ… რამ გიბიძგათ წერიდან ვიდეოფორმატში გადაგენაცვლებინათ და მოგწონთ ეს ამპლუა?

პირველ რიგში, მადლობა კომპლიმენტისთვის. გვინდა თუ – არა, მოგვწონს თუ – არა, ყველა ფეხს ვუწყობთ თანამედროვე ტექნოლოგიებს. თუკი რამდენიმე წლის წინ „ტიკ-ტოკს“ არასერიოზულ პლატფორმად ვთვლიდი და მეგონა, რომ ეს ფორმატი არ იყო ჩემთვის საინტერესო და სერიოზული, აბსოლუტურად სხვა განწყობა და განცდა მაქვს ახლა. მით უმეტეს, ახლა  „რადიო თავისუფლებასაც“ აქვს ეს პლატფორმა… სწორედ ამიტომ ვიფიქრე, რომ რატომაც არა, შემეძლო  ჩემი პატარა მინიატურები, რომლებიც ტიკ-ტოკის ფორმატშიც ჯდება, ვიდეოების სახით მიმეწოდებინა ხალხისთვის. პირველი რომ ჩავწერე და ვნახე ხალხის რეაქცია, ძალიან მესიამოვნა. ერთმა უსინათლო ადამიანმა მომწერა და მადლობა გადამიხადა – მადლობა, რომ ამის შესაძლებლობა მომეციო.

ექსკლუზიურად გამოგზაურებთ ჟურნალისტ ნინო თარხნიშვილის შთამბეჭდავ ინტერიერში და გიამბობთ წითელი დივნის სიყვარულის ისტორიას

ფოტოს ავტორი – ლელი ბლაგონრავოვა

არსებობს სპეციალური პროგრამა, რომელიც უსინათლო ადამიანებს უკითხავს ხმოვანი ფორმატით ნაწერს სოციალურ ქსელში, მაგრამ ასე, ავტორის ხმით წაკითხული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისთვის. სიმართლე გითხრათ, ეს მონაწერი გახდა ბიძგი, რომ გამეგრძელებინა ის, რასაც ვაკეთებდი. შემდეგ, ისევ მომწერა ერთმა მომხმარებელმა, რომ ვერასდროს იცლიდა წასაკითხად და მადლობა მითხრა, რომ ჩემი მინიატურების ამ ფორმით ჩაწერა გადავწყვიტე. ამის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და ვფიქრობ, უფრო საინტერესოა ავტორის მიერ წაკითხული მინიატურები, რადგან ყველაზე კარგად გრძნობს იმ განწყობას, რითაც წერდა… ორი კვირის წინ დავიწყე  ვიდეოების ჩაწერა და ძალიან ბევრი მსმენელი და მაყურებელი მყავს უკვე ტიკ-ტოკ პლატფორმაზე.

ნინო, გაგვაცანით თქვენი საყვარელი კუთხე ინტერიერიდან… (წითელ დივანთან ერთად იქნებ გაქვთ სხვა საყვარელი კუთხე-კუნჭული)… ზოგადად, რა მნიშვნელობას ანიჭებთ ავეჯსა თუ აქსესუარებს?

– რაც შეეხება ჩემს საყვარელ კუთხეს, ინტერიერიდან წითელი ტახტის გარდა, რა თქმა უნდა, ასეთი კუთხეც მაქვს. ეს სწორედ ის ადგილია, რომელიც განსაკუთრებულად მიყვარს და რომელზეც შვილიშვილები იტყვიან: “აი, ეს არის ბებოს კომოდი!”

ექსკლუზიურად გამოგზაურებთ ჟურნალისტ ნინო თარხნიშვილის შთამბეჭდავ ინტერიერში და გიამბობთ წითელი დივნის სიყვარულის ისტორიას

ეს კომოდი ვიყიდე “ევროკავშირის პრიზით ჟურნალისტიკაში”, რომელიც 2020 წელს გადმომეცა. ის სოლიდური თანხა რომ არ დახარჯულიყო უაზროდ, გადავწყვიტე,  მეყიდა ნივთი, რომელიც ძალიან მომწონდა… შემიძლია გულწრფელად და თამამად ვთქვა, რომ ადგილი, სადაც ეს კომოდი დგას, არის ჩემი საყვარელი სივრცე. ამ კომოდისთვის სპეციალური შეკვეთით დავამზადებინე სარკე, გვერდზე მივუდგი მცენარე „ფიკუსი ბენჟამინი“ და, ყველაფრის მიუხედავად, ვცდილობ, ვაცოცხლო, რადგან ინტერიერში სიმწვანე და სიფერადე ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ეს არის ჩემი საყვარელი კუთხე, ჩემი კომოდი და ის კედელი, სადაც ეს კომოდი დგას.

ექსკლუზიურად გამოგზაურებთ ჟურნალისტ ნინო თარხნიშვილის შთამბეჭდავ ინტერიერში და გიამბობთ წითელი დივნის სიყვარულის ისტორიას

აი, ეს კომოდი კი მე შევქმენი დეკუპაჟით. შავი, ბანალური კომოდი იყო და გავალამაზე ამ ზამთარს…

ექსკლუზიურად გამოგზაურებთ ჟურნალისტ ნინო თარხნიშვილის შთამბეჭდავ ინტერიერში და გიამბობთ წითელი დივნის სიყვარულის ისტორიას

9 წლის წინ, როდესაც ეს სახლი შევიძინეთ და გავარემონტეთ, ძალიან ერთფეროვანი და სადა იყო. თავიდან ბანალური ფერის სახლი გავაკეთეთ იმიტომ, რომ მეშინოდა თამამი გადაწყვეტილებების მიღება. ზედმეტი არ მომივიდეს, არ გადავამლაშო, მერე არ მომბეზრდეს და… მსგავსი აზრების გამო. მაგრამ რამდენიმე თვეში რემონტის დასრულების შემდეგ, მივხვდი, რომ ძალიან მოსაწყენი სახლი მქონდა და მჭირდებოდა სიფერადე. დღეს ჩემი სახლი არის ძალიან ჭრელი, ეს წითელი ტახტიც სხვათაშორის იმიტომ ვიყიდე, რომ რაღაცნაირად გამეფერადებინა ჩემი სახლი. ასევე მაქვს უამრავი ფერადი აქსესუარიც. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ჩემი ჩაცმის სტილი არის ძალიან ერთფეროვანი – უბრალო ჯინსი, მაისური ზაფხულში და ჯემპრი ზამთარში. ძირითადად, ეს არის ჩემი ყოველდღიური ფორმა. რასაც საკუთარ თავს ვერ ვუბედავ სიფერადეს და სიჭრელეს, როგორც ჩანს, ის სიჭრელე ამოვაფრქვიე ამ სახლში.

ექსკლუზიურად გამოგზაურებთ ჟურნალისტ ნინო თარხნიშვილის შთამბეჭდავ ინტერიერში და გიამბობთ წითელი დივნის სიყვარულის ისტორიას

დღეს მაქვს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ჭრელი და ეკლექტური სახლი მთელ მსოფლიოში. მსოფლიო ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ უამრავი ნივთი სხვადასხვა ქვეყნიდან, მსოფლიოს რომელი კუთხიდან აღარ არის ჩამოტანილი… ჩემს მეუღლეს ხშირად უწევს სიარული საზღვარგარეთ და ჩამოაქვს უამრავი ნივთი, აქსესუარი. ასევე მაქვს ხალიჩა მოროკოდან და ბევრი ნივთი, რომლის ჩამოთვლაც ნამდვილად გამიჭირდება. ვერ ავიტანე ერთფეროვნება ჩემს სახლში და გავაფერადე ლამაზი აქსესუარებით, რომლებიც ძალიან საყვარელია და თითოეულ მათგანს საკუთარი ისტორია აქვს. ხშირად იცინიან ხოლმე, რომ მუზეუმს ჰგავს შენი სახლი, უნდა მიხვიდე და კარგახანს ათვალიეროო… მგონი, მართლაც ასეა.

ექსკლუზიურად გამოგზაურებთ ჟურნალისტ ნინო თარხნიშვილის შთამბეჭდავ ინტერიერში და გიამბობთ წითელი დივნის სიყვარულის ისტორიას

ექსკლუზიურად გამოგზაურებთ ჟურნალისტ ნინო თარხნიშვილის შთამბეჭდავ ინტერიერში და გიამბობთ წითელი დივნის სიყვარულის ისტორიას

ინტერვიუს ავტორი: თათია გოჩაძე

ასე საინტერესოდ დავასრულე ინტერვიუ ჩემს კოლეგასთან და კიდევ ერთხელ განვიცადე სიამოვნება, როდესაც ხვდები, რომ რესპონდენტი სწორად შეარჩიე ✨️

ახლა კი გთავაზობთ ნინო თარხნიშვილის მინიატურებს, რომელსაც ერთი ამოსუნთქვით ჩაიკითხავთ:

ოდა წითელ ტახტს

“არის ჩემს ცხოვრებაში ერთი ტახტი, ფერადი ტახტი, რომელიც იტევს მთელ ჩემ ცხოვრებას – მდორეს, ტაატით მიმავალს.
ან უფრო მეტად თუ დავაზუსტებ, იტევს საღამოებს, სადღაც რვიდან ღამის პირველამდე, ან უფრო გვიანობამდეც.
იტევს მარჯვნიდან მარცხენა ფერდზე გადაწოლა-გადმოწოლას.
შიგადაშიგ წამოჯდომას და პატარა მაგიდიდან მანდარინის ან ვაშლის მოწვდენას.
იტევს წიგნების ფურცვლას, ასობით და ათასობით გვერდს. აღმოსავლელ თუ დასავლელ მწერლებს.
ფილმებსაც იტევს ალაგ-ალაგ. უფრო მეტად სენტიმენტალურებს – წირპლიანი ქალები რომ ეტანებიან.
თურქულ სერიალებს.
ალაგ-ალაგ ჩაძინება-გაღვიძებას იტევს, ძილ-ბურანში ყურმოკრულ, გვიან საინფორმაციო გამოშვებებს.
ფეხბურთის მატჩებსაც იტევს, მატჩებს, რომლებსაც ტახტზე ჩაძინებული ადამიანები ერთობ უცნაურად უყურებენ – პირველ ათ წუთს, შუაში ხუთ წუთს, ბოლოსკენ 3 წუთს და საბოლოო ანგარიშს ვერასდროს იგებენ.
იტევს ეს ტახტი ორცხობილის ნაფშხვენებსაც, შიშველ ზურგზე ან თუნდაც მხარზე რომ მერჭობა და დამშეულივით პირში ვიქანებ.
ეს არის ტახტი, რომელიც მიტევს მე და იტევს ჩემს მდორე, ვისთვის მოსაწყენ, ვისთვის სანატრელ და ვისთვის სულერთია ცხოვრებას.
ტახტი, რომელსაც უსაყვედუროდ, მდუმარედ ვუყვარვარ.”

სახლი, რომელსაც ვყიდი

“იმ სახლს, რომელსაც ვყიდი,
აქვს რძისფერი კედლები,
ცერად ჩაკრული ხის იატაკი,
წითელი აბაზანა,
ყავისფერი სამზარეულო.
იმ სახლში, რომელსაც ვყიდი, ვტოვებ 12 წელს,
მუცლიდან ახლადგამომძვრალ გოგოს,
ერთი წლის გოგოს, ორი წლის გოგოს, სამი წლის გოგოს, ოთხი წლის გოგოს და ა.შ. 12 წლამდე.
იმ სახლში, რომელსაც ვყიდი,
ვტოვებ 24 წლის გოგოს შავი თმით,
გამხდარი ზურგით,
თხელი მკლავებით.
ვტოვებ 25 წლის გოგოს, 26 წლის გოგოს, 27 წლის გოგოს…
30 წლის ქალს გახუნებული თმით,
32 წლის ქალს, თეძოებშევსილს,
33 წლის ქალს, ტახტზე მიწოლილს,
36 წლის ქალს, სამსახურიდან ახლადდაბრუნებულს.
იმ სახლის სარეცხის თოკებზე, რომელსაც ვყიდი,
ვტოვებ 12 წლის ნაირ-ნაირ, ფერად-ფერად, სხვადასხვა ზომის კაბებს, შარვლებს, ზამთრის ქურთუკებს.
იმ სახლში, რომელსაც ვყიდი,
ვტოვებ 3000-ზე მეტ საუზმეს, გახუხულ პურს, მოხარშულ კვერცხს.
იმ სახლში, რომელსაც ვყიდი, ვტოვებ პატარა ბიჭს,
ღამღამობით ხარბად მომზირალს,
დილაობით ჩემ ზურგზე აკრულს.
12 ნაძვის ხეს ვტოვებ.
12 საჩუქარს.
იმ სახლის კედელზე, რომელსაც ვყიდი,
ვტოვებ 3 წლის გოგოს ხელით მიხატულ გამხდარ კაცუნას, ბუშტით ხელში, ოდნავ მომღიმარს.
ყველაზე მეტად ის მენანება.
ბედნიერები იქნებით იმ სახლში, რომელსაც ვყიდი.
წამოვიკიდებ მხრებზე 12 წელიწადს ზურგჩანთასავით,
თან გავიყოლებ.
მოსავლელად კი დაგიტოვებთ ჩემი გოგოს ხელით დახატულ კალმის კაცუნას.
ნუ გადაღებავთ.”

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ტრუა – პარიზთან მდებარე პატარა ფრანგული ქალაქი

ტრუა – პარიზთან მდებარე პატარა ფრანგული ქალაქი

2 December, 2024
სკრინინგი თანდაყოლილი სიფილისის თავიდან ასაცილებლად ყველა ორსულობაში

სკრინინგი თანდაყოლილი სიფილისის თავიდან ასაცილებლად ყველა ორსულობაში

დეკემბერი 2, 2024
„უმძიმესი წასაკითხია ის მესიჯები, რომელსაც ვიღებ – რომ ძარცვაში ჩემ მიერ გიოს სახლში გადაღებული ვიდეოს ბრალეულობაა..“ – რას წერს საბა საპანაძე

„უმძიმესი წასაკითხია ის მესიჯები, რომელსაც ვიღებ – რომ ძარცვაში ჩემ მიერ გიოს სახლში გადაღებული ვიდეოს ბრალეულობაა..“ – რას წერს საბა საპანაძე

3 დეკემბერი 2024
თუ შალის სვიტერი კანის ქავილს იწვევს – ეს რჩევა წაიკითხეთ

თუ შალის სვიტერი კანის ქავილს იწვევს – ეს რჩევა წაიკითხეთ

დეკემბერი 2, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

ნოემბერი 29, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მიირთვით პარკოსნები გულის გასაჯანსაღებლად

მიირთვით პარკოსნები გულის გასაჯანსაღებლად

დეკემბერი 2, 2024
ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილებთან ანნა და ლილე სულაბერიძეებთან ერთად დუბაიში იმყოფება.

ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილებთან ანნა და ლილე სულაბერიძეებთან ერთად დუბაიში იმყოფება.

დეკემბერი 2, 2024
განსხვავებული ტრადიციები ახალ წელთან დაკავშირებით

განსხვავებული ტრადიციები ახალ წელთან დაკავშირებით

2 დეკემბერი 2024
გიორგი გიგაშვილისა და ნინი ნუცუბიძის სოლო კონცერტი — In My Room

გიორგი გიგაშვილისა და ნინი ნუცუბიძის სოლო კონცერტი — In My Room

დეკემბერი 2, 2024
საქართველომ Enka Renewables-თან $383-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო

საქართველომ Enka Renewables-თან $383-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო

დეკემბერი 3, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები