ინტერვიუ ნიუ-იორკში მცხოვრებ ინტერიერის დიზაინერთან, რომლის…

5 წუთიანი წაკითხვა

თინა კილაბერიძე ნიუ-იორკში მცხოვრები ინტერიერის დიზაინერია, რომლის შემოქმედება მინიმალისტური და დახვეწილი ფორმებით ხასიათდება, ნამუშევრების შექმნის დროს მისთვის მთავარი საგნის ფუნქციაა, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება მაღალი ხარისხის ვიზუალური ეფექტი და დიზაინერის ხელწერისთვის დამახასიათებელი ის ესთეტიკურობა, რომელიც არასდროს არაფერში  აგერევათ.


თინა კილაბერიძე 2022 წელს Tbilisi Design Day-ს ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იქნება. გთავაზობთ ინტერვიუს დიზაინერთან, რომელიც საკუთარი შემოქმედებისა და ამერიკული ცხოვრების შესახებ ვრცლად გვესაუბრა.



-თინა, პირველად როდის გაგიჩნდათ ინტერესი დიზაინის მიმართ, როდის აღმოაჩინეთ, რომ ამ პროფესიას  გინდოდათ გაჰყოლოდით?

-ბავშვობიდან… ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე დიზაინზე ფიქრი, კონცეპტუალურად არ ვიცოდი, რას ნიშნავდა, თუმცა მუდმივად მქონდა ინტერესი, რომ ჩემ ირგვლივ გარემო შემეცვალა, არამხოლოდ ავეჯი ან ნივთების განლაგება,  ადამიანებიც – მათი ვარცხნილობიდან დაწყებული, ტანსაცმლით დამთავრებული – მინდოდა ყველაფერში რაიმე სახის ცვლილება შემეტანა. თავიდან საერთოდ მეგონა, რომ მხატვარი ვიქნებოდი, სკოლის დამთავრების შემდეგ ტანსაცმლის დიზაინზე ვფიქრობდი, თუმცა მივხვდი, რომ ჩვენს გარემოში ეს აბსოლუტურად არარეალური იყო. მამამ მირჩია, რომ ჯერ ზოგადი განათლება მიმეღო და მხოლოდ ამის შემდეგ მეფიქრა მხატვრობაზე ან სხვა რაიმე კონკრეტულ საქმეზე, ამიტომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ლიტერატურა და ენები ვისწავლე, შემდეგ კი გადავწყვიტე დიზაინზე ჩამებარებინა. მაშინ ეს ფაკულტეტი სრულიად ახალი იყო, ჩემი პედაგოგების უმეტესი ნაწილიც არქიტექტორები იყვნენ, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ძალიან კმაყოფილი დავრჩი  მიღებული განათლებით, დღეს ძალიან ბევრ სტუდენტთან მაქვს ურთიერთობა  და დავრწმუნდი, რომ იმ ცოდნას, რაც მაშინ სამხატვრო აკადემიაში მივიღე, მსოფლიოში არცერთი სხვა სკოლა არ იძლევა.

რამდენად დატვირთული იყო იმდროინდელ თბილისში თქვენი შემოქმედებითი ცხოვრება?

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

-აკადემია რომ დავამთავრე, ზურა წერეთელმა მაშინვე ამიყვანა სამუშაოდ, აკვარელში ძალიან კარგად ვხატავდი და რადგან მაშინ ინტერიერი კომპიუტერში არ იქმნებოდა, ნახაზებს აკვარელში ვაკეთებდით, შემეძლო ყველა ნივთი რეალურთან ძალიან მიმემსგავსებინა, ეს ძალიან მოსწონდა ზურა წერეთელს და ამიტომ მუდამ დატვირთული სამუშაო მქონდა. გარდა ამისა, დაკავებული ვიყავი კედლის მხატვრობითაც და ვაკეთებდი კერძო სახლების ინტერიერის დიზაინსაც, ასე რომ, მგონი, ერთი წუთიც კი არ გამიტარებია მაშინ უმუშევრად.

READ  ქოთნის ყვავილები საშემოდგომო ინტერიერისთვის

-ახსენეთ, რომ კერძო სახლების ინტერიერის დიზაინზე მუშაობდით, 90-იანი წლების თბილისში, მაშინ როცა უკვე შექმნილი იყო ტიპური, ერთმანეთისგან არაფრით განხვავებული საბინაო პროექტები, არსებობდა ინდივიდუალური
ინტერიერის დიზაინის შექმნის კულტურა?

-ერთი ახლობელი მყავდა, ჩემი მეგობრის მამიდა, რომლის სახლიც 1920-იან წლებში იყო აშენებული, მთელი ინტერიერი ევროპიდან ჩამოტანილი ავეჯითა და აღმოსავლური ხალიჩებით იყო შექმნილი, ისეთი არაჩვეულებრივი ნამუშევარი იყო, რომ იმ ქალს მას შემდეგ მთელი ცხოვრება არაფერი აღარ შეუცვლია. ადრე  საქართველოში ნამდვილად არსებობდა ეს კულტურა, უბრალოდ რეპრესიების დროს ადამიანებს უკვე შესაძლებლობა აღარ ჰყოფნიდათ, თუმცა მაშინაც იყვნენ ძველი კულტურის ოჯახები, რომლებიც ამაზე მაინც ფიქრობდნენ, 60-იანი წლების თბილისშიც ბევრი არაჩვეულებრივი არქიტექტურული მოდელია შექმნილი, ეს გავლენა ინტერიერშიც იგრძნობოდა. მართალია, ყველას არ მიუწვდებოდა ხელი, მაგრამ მე იმ პერიოდშიც მყავდა დამკვეთები, რომლებთანაც კერძო საცხოვრებელ სახლებზე მიმუშავია.

-მოგვიყევით თქვენი ამერიკაში მოხვედრის ისტორია, როგორ აღმოჩნდით ამ ქვეყანაში?

-ამერიკაში სრულიად დაუგეგმავად აღმოვჩნდი, აქ ცხოვრების არანაირი სურვილი არ მქონია და სიმართლე გითხრათ ახლაც არ ვგიჟდები აქ ყოფნაზე. ჩემი მომავალი მეუღლე ჩამოვიდა თბილისში, პროფესიით ჟურნალისტი და ფოტოგრაფი იყო, სხვადასხვა ჟურნალისთვის მასალებს აგროვებდა და ამიტომ მთხოვეს, რომ გავმასპინძლებოდი, მისთვის ყველა ღირსშესანიშნაობა მეჩვენებინა და ამავე დროს შემეხვედრებინა  იმდროინდელ პოლიტიკოსებთან და ქვეყნის პრეზიდენტთან. ერთმანეთი მაშინ გავიცანით, ამის შემდეგ მე პარიზში წავედი, ვაპირებდი, რომ პროფილი შემეცვალა და სწავლა ტანსაცმლის დიზაინის მიმართულებით გამეგრძელებინა, თუმცა მთხოვა, რომ რადგან ის ვერ ჩამოდიოდა, მე ჩავსულიყავი ამერიკაში. ყველაფერი შევცვალე, ჩამოვედი ნიუ-იორკში და მოხდა ისე, რომ მას შემდეგ აქ შემოვრჩი. ეს ყველაფერი სრულიად დაუგეგმავი იყო, არასდროს  მიოცნებია ამერიკაში ცხოვრებაზე, არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ ეს ქვეყანა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემთან ძველი სამყარო, ევროპა და საქართველო ბევრად უფრო ახლოს არის.

-როგორ დაიწყო კარიერის განვითარება სრულიად უცხო ქვეყანაში?

READ  10 უძველესი ეროვნული პარკი ინდოეთში

-ვიტყოდი, რომ სრულიად უცხო პლანეტაზე… წარმოდგენა ამერიკაზე მაშინ მხოლოდ წიგნებიდან მქონდა, რომ ჩამოვედი, ისეთი გაოგნებული ვიყავი, დიდხანს ვერ მივხვდი, რომელ პლანეტაზე აღმოვჩნდი, მსგავს სინამდვილესთან მანამდე შეხება არ მქონია. ჩემს პროფესიაში რომ განვითარება გამეგრძელებინა, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ნულიდან დავიწყე. ძალიან ბევრი მუშაობა დამჭირდა იმისთვის, რომ ეს საზოგადოება აღმექვა, ვიცოდი, რომ სხვანაირად არაფერი გამოვიდოდა, დიზაინი რომ გააკეთო, აუცილებელია ხალხის აზროვნებას და ინტერესებს ჩასწვდე. ყოველდღე დავდიოდი ბიბლიოთეკაში და ადგილობრივ არქიტექტურას ვსწავლობდი, შემდეგ იმ ნივთების შესწავლა დავიწყე, რომლებიც აქ იყო პოპულარული, ვორქშოპზე ვიარე იმისთვის, რომ ანტიკვარების შეფასება შემძლებოდა, გარდა ამისა გაუთავებლად ვუყურებდი ტელევიზორს, რათა აქ მცხოვრები ადამიანების ცნობიერებას ჩავწვდომოდი, ამ ყველაფრის შემდეგ კი უკვე არქიტექტორებთან დავამყარე კონტაქტები. ჩემი მეუღლე ვერმონტში ცხოვრობდა და მაშინ იქაურმა არქიტექტორებმა მირჩიეს კიდეც, რომ ჩემი კარიერული განვითარებისთვის ნიუ-იორკში გადავსულიყავი, თუმცა მაინც მოვახერხე და ვერმონტში  ჩემი სახელით პირველი შეკვეთები შევასრულე…

წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). ინტერვიუ ნიუ-იორკში მცხოვრებ ინტერიერის დიზაინერთან, რომლის…. 15 იანვარი, 2024. https://sheniinterieri.ge/interviu-niu-iorkshi-mtskhovreb-interieris-dizainertan-romlis/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. ინტერვიუ ნიუ-იორკში მცხოვრებ ინტერიერის დიზაინერთან, რომლის… [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/interviu-niu-iorkshi-mtskhovreb-interieris-dizainertan-romlis/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
READ  წითელი ფერი ინტერიერში - 6 ფერი, რომელიც მას უნდა შევუხამოთ

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network