ფარდის სწორად შერჩევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინტერიერში. თუ გგონიათ, რომ თქვენი ოთახი ზედმეტად უბრალო, პატარა ან ბნელია, შესაძლოა, სრული რემონტი კი არა, უბრალოდ, ფარდის შეცვლა გესაჭიროებათ. ვნახოთ, რა ზეგავლენას ახდენს ის ინტერიერზე.
ფარდას შეუძლია ვიზუალურად შეცვალოს ოთახის ზომა.
ყველაზე დიდი შეცდომა, რაც პატარა ან დაბალჭერიან ოთახში შეიძლება დაუშვათ, არის ზედმეტად მოკლე ფარდის შეძენა. ის ვიზუალურად ჭრის ოთახს შუაზე და კიდევ უფრო დაბალს აჩენს, ვიდრე სინამდვილეშია. იმისათვის, რომ გავზარდოთ ჭერის სიმაღლე, სჯობს ფარდები მაქსიმალურად მაღლა დავკიდოთ და იატაკამდე დავუშვათ, რაც ზომასთან ერთად ინტერიერს ბევრად მდიდრულ ელფერს ჰმატებს.
ფარდის მეშვეობით შეგვიძლია დავარეგულიროთ სინათლე ოთახში.
თუ ფარდას საძინებლისთვის ეძებთ, რა თქმა უნდა, უმჯობესია შეიძინოთ შედარებით სქელი საფარდე ნაჭერი, რომელიც გარედან შემოსულ სინათლეს სრულად დაახშობს. მისაღებ ოთახში მაქსიმალური სიმყუდროვისა და სტუმართმოყვარეობის შესაქმნელად კი სჯობს შედარებით თხელ ფარდას მიანიჭოთ უპირატესობა, რომელიც სრულად ან სანახევროდ შემოუშვებს მზის სხივებს, მით უფრო, მაშინ თუ თქვენი ბინის გეოგრაფიული მდეობარეობა ისედაც არ გიწყობთ ხელს, რომ მაქსიმალურად აითვისოთ ბუნებრივი სინათლე.
სწორად შერჩეული ფარდა ხელს უწყობს თბოიზოლაციას.
ფარდა არის უნიკალური ხერხი, რომ ვაკონტროლოთ ოთახში თბოიზოლაცია. ფანჯრები ძალიან დიდი ოდენობით სითბოს გასცემენ. იმისათვის, რომ შევზღუდოთ სითბოს ან სიცივის გაცემა, შეგვიძლია შესაბამისი სისქისა და მასალის ფარდის შერჩევა, რომელიც ჰაერს ნაკლებად ატარებს და ხელს უწყობს ოთახში სასურველი ტემპერატურის შენარჩუნებას.
ფარდას შეუძლია ოთახის სტილი და ატმოსფერო შეცვალოს.
საფარდე ქსოვილს ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ თქვენი მიზანი დახვეწილი, ელეგანტური სტილის შენარჩუნებაა, ისეთი მდიდრული ქსოვილები შეიძინეთ, როგორიცაა აბრეშუმი, ხავერდი ან თუნდაც მიმზიდველი მაქმანებით გაწყობილი ნაჭერი. უბრალო ლუქის შესაქმნელად კი ნეილონი ან ტილოც კმარა.
ფარდა საუკეთესო საშუალებაა განსხვავებული ფერის წარსადგენად.
თუ ნეიტრალური, მონოქრომატული ფერთა პალიტრის ინტერიერი გაქვთ და გსურთ ოთახში სიახლე შეიტანოთ, მეტი ინტერესის გასაღვივებლად განსხვავებული ფერის ფარდა იდეალურია. ფერადი ფარდის შეხამება კი განსაკუთრებით იოლია ისეთ დეკორატიულ ელემენტებთან, როგორიცაა ნახატები, სუვენირები ან თუნდაც სამზარეულოს ფასადი.
Sheniinterieri-სთვის სტატია მოამზადა ფლორენციის დიზაინის აკადემიის კურსდამთავრებულმა, ინტერიერის დიზაინერმა, თაკო არდოტელმა.
❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #sheniekimi #shenisofeli #shenisupra #sheniambebi #sheniinterieri #shenihoroskopi #sheniganatleba #accreditationge #shenidasveneba #gochadze
მასალის გამოყენების პირობები