გთავაზობთ ინტერვიუს ლევან ებრალიძე, კერამიკის შემოქმედებითი სახელოსნო EBRA-ს დამფუძნებელთან, რომელიც ოჯახთან ერთად ჩართულია კერამიკით ულამაზესი ნივთების შექმნაში და აგრძელებს მამის ტრადიციას.
– პირველ რიგში, მოგვიყევით თქვენს შესახებ, რას საქმიანობთ?
– მე გახლავართ კერამიკის შემოქმედებითი სახელოსნო „ებრას“ დამფუძნებელი დახელმძღვანელი.
ვარ დაოჯახებული, მყავს მეუღლე და ორი ბიჭი. ისინი ასევე ჩართული არიან საოჯახო ბიზნესში.
ეს ბოლო წლებია, მთლიანად დაკავებული ვარ სახელოსნოს საქმეებით, მოგეხსენებათ, მართვა ბევრ დროს და ყურადღებას მოითხოვს…
როგორც მოგახსენეთ, ჩემს მეუღლესთან და არაჩვეულებრივ პროფესიონალთა გუნდთან ერთად, მთელი მონდომებით ვმუშაობთ და ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ.
– როდის და როგორ დაიწყეთ ეს საქმიანობა?
– უშუალოდ სტუდია EBRA 4 წლის წინ გავხსენით. სხვათა შორის, ებრას დაბადების დღე სწორედ ახლა, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას იყო.
თუმცა, ზოგადად ამ საქმიანობაში გაცილებით ადრე ჩავერთე. კერამიკა ჩვენი საოჯახო ტრადიციაა. თავის დროზე, ჯერ კიდევ მამაჩემი მუშაობდა კერამიკაზე. 90-ან წლებში სწორედ იქ, მამის სახელოსნოში, შევისწავლე კერამიკის ანა-ბანა და დღემდე ვაგრძელებთ ამ მრავალფეროვან დარგში სწავლასაც და მუშაობასაც.
– რა ფართო ასორტიმენტს სთავაზობთ თქვენს მომხმარებელს?
– ასორტიმენტში ძირითადად შედის მაგიდის სანათები, ლარნაკები, კედლის საათები, სახილეები, ჭურჭელი, სუვენირები და ასე შემდეგ.
თუმცა, გარდა ამისა, ჩვენთან დამკვეთებს ეძლევათ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა შეგვიკვეთონ მათთვის სასურველი ექსკლუზიური ნივთები. ეს განსაკუთრებულად საინტერესოა შემოქმედებითი თვალსაზრისით. ზოგჯერ ისეთ უცხო რამეს გვაკეთებინებენ ხოლმე, რომ საოცრად საინტერესო შედეგებს ვიღებთ: ზოგი მამაპაპისეულ სოფლის სახლს გვახატვინებს, ზოგი სხვადასხვა სუვენირს, რომელიც მის მოგონებებთან არის დაკავშირებული. ასე მაგალითად, ერთხელ, ეგრეთ წოდებული „კერასინკა“ გამოვუძერწეთ ერთ-ერთ დამკვეთს. ისეთი საყვარელი გამოვიდა, მთელი სახელოსნო 90-ან წლებში გადავვარდით… J
– ულამაზეს ნამუშევრევს ქმნით, რა იყო ინსპირაცია ეს საქმე გეკეთებინათ?
– ზემოთ ხსენებული საოჯახო ტრადიციის გარდა,ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საქმიანობა იყოს შემოქმედებითი. ასევე განსაკუთრებული მოტივაციაა ქართული პროდუქციის წარმოება, რომლითაც იმედი გვაქვს, რომ თამამად წარვდგებით მსოფლიო ასპარეზზე.
– რა არის ის, რაც მყიდველს თქვენში მოსწონს და თქვენზე აკეთებენ არჩევანს?
– ამ კითხვაზე თავად ჩვენი დამკვეთების შეფასებებიდან და რეაქციებიდან გამომდინარე გიპასუხებთ. როგორც ისინი აღნიშნავენ ხოლმე, ეს არის გემოვნებიანი, დახვეწილი ნამუშევრები, და, რაც მთავარია, ჩვენი ხელნაკეთობების მუხტიდა დადებითი ენერგია ახარებს და აბედნიერებსმათ..
სტრესით დატვირთული დღევანდელი ყოფიდან გამომდინარე, დიდ მნიშვნელობას იძენს ისეთისაოჯახო ნივთები, რომლებიც პოზიტიურ განწყობას და სიმყუდროვეს ქმნის..
გარდა ამისა, ჩვენი პროდუქცია არის არაჩვეულებრივი საჩუქარი, რომლითაც შეგიძლია ერთგვარი განაცხადი გააკეთო შენი გემოვნების წარმოსაჩენად, და ასევე, რომელიც შეიძლება შვილიშვილსაც კი გადასცე სამახსოვროდ.
– თავად ქმნით ამ ნამუშევრებს? რა როლი უჭირავს ამ საქმიანიბას თქვენს ცხოვრებაში?
– პირადად მე, სამწუხაროდ, პრაქტიკულად არ მრჩება დრო ხატვისა და ძერწვისათვის. ამ საქმეს ღირსეულად ართმევენ თავს ჩვენი პროფესიონალი მხატვრები და კერამიკოსები.
როლს რაც შეეხება, ის განსაკუთრებულია. ეს, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ საქმე და ბიზნესი. ამ საქმესთან ერთად ჩვენ პიროვნულადაც ვიზრდებით და ვიღებთ უდიდეს ცხოვრებისეულ გამოცდილებას.
– ასოცირდება ეს საქმე თქვენთვის რაიმე სირთულესთან?
– მოგეხსენებათ, სირთულეები არ ექმნება მას, ვინც არაფერს აკეთებს. რაც შეეხება უშუალოდ ამ საქმიანობას, კერამიკა საკმაოდ რთული დარგია მისი მრავალშრიანობიდან გამომდინარე. ხოლო ზოგადად წარმოების გამართვა, თავის მხრივ, ასევე ბევრ ბარიერთან არის დაკავშირებული. მაგრამ ვფიქრობ,საბედნიეროდ, ამ ეტაპზე ყველაფერს ღირსეულად ვუმკლავდებით ჩემი ოჯახისა და გუნდის წყალობით.
– რამდენად მომგებიანია მსგავსი საქმის წამოწყება?
– რასაც გულით და დაუცხრომლად გააკეთებ,ყველაფერი შეიძლება გახადო მომგებიანი. თუ თავად კერამიკის სფეროს შევეხებით, ბოლო წლებში განსაკუთრებულად პოპულარული გახდა საქართველოში. სულ უფრო მეტი პატარ-პატარა სახელოსნო იხსნება, რაც ძალიან მახარებს, რადგან ეს დარგის განვითარებასა და მოთხოვნაზე მეტყველებს.
– რა წარმატებას მიაღწიეთ ამ საქმიანობით?
– ყველაზე დიდი წარმატება არის ის, როდესაც აღფრთოვანებული დამკვეთი ნაკეთობის მიღების შემდეგ გვწერს, რომ ის გავაბედნიერეთ!ეს არის საუკეთესო სტიმული და მოტივაცია…
– რა არის თქვენი მთავარი მიზანი?
– ჩვენი მიზანი არის ქართული
კერამიკის განვითარება და ისეთი პროდუქციის შექმნა, რომელიც ღირსეულად წარმოჩნდება მსოფლიო ასპარეზზე, რითაც „made in Georgia“ მაღალ ხარისხთან ასოციაციას წარმოშობს.
– რა შეცვალა ამ საქმიანიბამ თქვენს ცხოვრებაში და რა რჩევას მისცემდით ადამიანებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს და სურთ მსგავსი საქმიანობის წამოწყება?
– ამ საქმიანობამ ჩემი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადა. მომცა მდიდარი გამოცდილება ადამიანებთან ურთიერთობისა და პროფესიული განვითარების.
ახალბედებს ვურჩევდი, არ იჩქარონ და წინასწარ მოემზადონ ფსიქოლოგიურად იმისათვის, რომ ყოველ მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად საჭიროა შესაბამისი დრო და სირთულეების გადალახვა. და ამის კი არ უნდა შეეშინდეთ, არამედ ცხოვრებისეული განვითარების აზრი და ინტერესი დაინახონ.
და, ბოლოს, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ დაინტერესებისა და ამ შესაძლებლობისთვის!
#drpkhakadze
მასალის გამოყენების პირობები